არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

უშიშარი პიონერი

ანდრე ელიასი

უშიშარი პიონერი
  • დაიბადა: 1915 წ.

  • მოინათლა: 1940 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უშიშარი პიონერი, რომელიც არაერთი დაკითხვისა და მუქარის მიუხედავად, მტკიცედ იდგა.

მეორე მსოფლიო ომის დროს სუკაბუმში (დასავლეთი იავა) იაპონიის სამხედრო პოლიციამ, „კემპეიტაიმ“, რომელიც ხალხს შიშის ზარს სცემდა, ძმა ანდრე ელიასი და მისი მეუღლე, ჟოზეფინა, შტაბში გამოიძახა. პირველად ანდრე დაკითხეს. კითხვებს სეტყვასავით აყრიდნენ: „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“, „იაპონიის მთავრობას უპირისპირდებით?“, „ჯაშუშები ხართ?“.

„ჩვენ ყოვლისშემძლე ღვთის მსახურები ვართ და ცუდს არაფერს ვაკეთებთ“, — უპასუხა ანდრემ პოლიციელებს. ოფიცერმა ხელი სტაცა კედელზე დაკიდებულ სამურაის ხმალს და ჰაერში აღმართა.

„ახლავე გამოგასალმებ სიცოცხლეს!“, — იყვირა მან. ანდრემ თავი მაგიდაზე დადო და გულში ილოცა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოლიციელს სიცილი აუტყდა. „მამაცი ყოფილხარ!“, — უთხრა მან ანდრეს. შემდეგ ჟოზეფინას მოუხმო. როცა მისი და ანდრეს პასუხები ერთმანეთს დაემთხვა, ოფიცერმა უყვირა: „არ ყოფილხართ ჯაშუშები, წაეთრიეთ აქედან!“.

რამდენიმე თვის შემდეგ „ცრუ ძმებმა“ ანდრე დაასმინეს, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს (2 კორ. 11:26). ანდრეს საკანში მილი გადიოდა, რომელშიც საჭმლის ნარჩენებს ყრიდნენ. თვეების მანძილზე მას ამ ნარჩენებით გაჰქონდა თავი. ამის მიუხედავად, ციხის ზედამხედველებმა ის ვერ გატეხეს. ერთხელ, როდესაც ჟოზეფინამ როგორღაც მოახერხა მისი ნახვა, ანდრემ გისოსებიდან ჩასჩურჩულა: „არ ინერვიულო, რომც მომკლან, მაინც იეჰოვას ერთგული დავრჩები. უმალ მკვდარს გამიტანენ აქედან, ვიდრე იეჰოვას ვუღალატებ!“.

ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ანდრეს თავის დაცვა ჯაკარტის უზენაეს სასამართლოში მოუწია, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.

დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როდესაც ინდონეზიის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კვლავ აკრძალა, ქალაქ მანადოს (ჩრდილოეთი სულავესი) ოლქის პროკურორმა ანდრე დაიბარა. „იცი, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა?“, — ჰკითხა მან.

„დიახ“, — უპასუხა ანდრემ.

„არც ახლა შეიცვლი რელიგიას?“, — ჰკითხა პროკურორმა.

ანდრე ოდნავ წინ გადაიხარა, ხელი მკერდზე დაირტყა და მტკიცედ თქვა: „შეგიძლიათ გული ამომგლიჯოთ მკერდიდან, მაგრამ რელიგიას ვერ შემაცვლევინებთ!“.

ამის შემდეგ პროკურორმა გაათავისუფლა ანდრე და მეტად აღარ შეუწუხებია.

ანდრე ელიასი 2000 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თითქმის 60 წელი გულანთებული ემსახურებოდა იეჰოვას პიონერად.