არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 5

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

1. რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?

იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის შექმნა. ეს ჩვენი სახლია. პირველი ცოლ-ქმარი, ადამი და ევა, ღმერთს ზეცაში საცხოვრებლად არ შეუქმნია. მას უკვე ჰყავდა შექმნილი ანგელოზები ზეცაში (იობი 38:4, 7). ღმერთმა პირველი ადამიანი დაასახლა სამოთხეში, რომელსაც ედემის ბაღი ერქვა (დაბადება 2:15—17). იეჰოვამ ადამსა და მის შთამომავლობას მისცა შესაძლებლობა, უსასრულოდ ეცხოვრათ დედამიწაზე. წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29; 115:16.

თავიდან სამოთხე მხოლოდ ედემის ბაღში იყო. პირველ წყვილს თავიანთი შთამომავლებით უნდა აევსოთ დედამიწა. დროთა განმავლობაში ისინი მთელ პლანეტას დაეპატრონებოდნენ და სამოთხედ გადააქცევდნენ (დაბადება 1:28). დედამიწა არასდროს განადგურდება! ის ყოველთვის იყო და იქნება ადამიანთა საცხოვრებელი! წაიკითხეთ ფსალმუნის 104:5.

უყურეთ ვიდეორგოლს „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“

2. რატომ არ არის დღეს დედამიწაზე სამოთხე?

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს, რის გამოც იეჰოვამ ისინი ედემის ბაღიდან გააძევა. სამოთხე დაიკარგა და მას მერე ვერავინ შეძლო მისი აღდგენა. ბიბლიაში წერია: „ბოროტის [ბოროტი ადამიანების] ხელშია დედამიწა“ (იობი 9:24). წაიკითხეთ დაბადების 3:23, 24.

ჩაიშალა იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა? არა! ის ყოვლისშემძლე ღმერთია და მისთვის შეუძლებელი არაფერია (ესაია 45:18). ის დაუბრუნებს ადამიანებს იმას, რაც მათთვის ძველთაგანვე ჩაიფიქრა. წაიკითხეთ ფსალმუნის 37:11, 34.

3. როგორ აღდგება სამოთხე?

დედამიწაზე სამოთხე ღვთის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, მმართველობის დროს აღდგება. არმაგედონად წოდებულ ომში იესო წაუძღვება ანგელოზებს და ღვთის ყველა მტერს გაანადგურებს. ამის შემდეგ იესო სატანას 1 000 წლით შებოჭავს. ღვთის ხალხი გადაურჩება განადგურებას, რადგან მათ იესო უხელმძღვანელებს და დაიცავს. ისინი სამოთხეში მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ. წაიკითხეთ გამოცხადების 20:1—3; 21:3, 4.

4. როდის მოეღება ტანჯვას ბოლო?

როდის მოსპობს ღმერთი ბოროტებას დედამიწაზე? იესომ დაგვიტოვა „ნიშანი“, რაც დაგვეხმარებოდა იმის ამოცნობაში, თუ როდის იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრული მოახლოებული. დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, იმაზე მიანიშნებს, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ ახლოსაა. წაიკითხეთ მათეს 24:3, 7—14, 21, 22.

იესო ზეციდან დედამიწაზე 1 000 წლის განმავლობაში იმმართველებს და ამ დროის მანძილზე ის ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას (ესაია 9:6, 7; 11:9). ის მეფეც იქნება და მღვდელმთავარიც; ის ღვთის მოყვარულთა ცოდვების ყოველგვარ კვალს წაშლის. ღმერთი იესოს მეშვეობით აღმოფხვრის ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს. წაიკითხეთ ესაიას 25:8; 33:24.

5. ვინ იცხოვრებს სამოთხეში?

იეჰოვას მოწმეთა შესაკრებლებში, სამეფო დარბაზში შეხვდებით ხალხს, რომელთაც უყვართ ღმერთი და სურთ, ისწავლონ, როგორ ასიამოვნონ მას

სამოთხეში იცხოვრებენ ღვთის მორჩილი ადამიანები (1 იოანე 2:17). იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოეძებნათ თვინიერები და ესწავლებინათ მათთვის, როგორ გამხდარიყვნენ ღვთის მოსაწონები. დღეს იეჰოვა მილიონობით ადამიანს ამზადებს მომავალ სამოთხეში საცხოვრებლად (სოფონია 2:3). იეჰოვას მოწმეების შესაკრებლებში ხალხი სწავლობს, როგორ გახდნენ უკეთესი ცოლები და ქმრები, დედები და მამები. შვილები და მშობლები გაერთიანებულად სცემენ ღმერთს თაყვანს და სწავლობენ, როგორ იცხოვრონ ბიბლიის თანახმად. წაიკითხეთ მიქას 4:1—4.