არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლით სავსე პლანეტა

სიცოცხლით სავსე პლანეტა

სიცოცხლე დედამიწაზე არასდროს გაჩნდებოდა, რომ არა რამდენიმე საოცარი „დამთხვევა“, რომელიც მე-20 საუკუნემდე მეცნიერებს ბოლომდე არ ესმოდათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:

  • დედამიწის მდებარეობა „ირმის ნახტომსა“ და მზის სისტემაში, მისი ორბიტა, დახრილობა, მოძრაობის სიჩქარე და მისი თანამგზავრი მთვარე.

  • მაგნიტური ველი და ატმოსფერო — დედამიწის ორმაგად დამცავი სისტემა.

  • ბუნებრივი ციკლები, რომლებიც დედამიწაზე წყლისა და ჰაერის რესურსების შევსებასა და გასუფთავებას უწყობს ხელს.

თითოეული მათგანის განხილვის შემდეგ დაფიქრდით: ეს ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია?

დედამიწის იდეალური „მისამართი“

შეიძლება სამყაროში დედამიწისთვის ამაზე უკეთესი ადგილის პოვნა?

როცა ჩვენს მისამართს ვწერთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ ქვეყანას, ქალაქსა და ქუჩას. დედამიწის შემთხვევაში „მისამართი“ ასეთია: ქვეყანა — გალაქტიკა „ირმის ნახტომი“, ქალაქი — მზის სისტემა ანუ მზე და მის ირგვლივ მბრუნავი პლანეტები, ქუჩა — დედამიწის ორბიტა მზის სისტემაში. ასტრონომიისა და ფიზიკის განვითარებასთან ერთად, მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს ჩვენი საოცარი პლანეტის თავისებურებების შესახებ.

ჯერ ვისაუბროთ ჩვენი პლანეტის „ქალაქზე“ ანუ მზის სისტემაზე, რომელიც „ირმის ნახტომის“ იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა შექმნილი. მასში თავმოყრილია სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ყველა ქიმიური ელემენტი. მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან უფრო შორს რომ ყოფილიყო, ქიმიური ელემენტები არასაკმარისად იქნებოდა, უფრო ახლოს ყოფნა კი სახიფათო იქნებოდა მომაკვდინებელი რადიაციისა და სხვა ფაქტორების გამო. „ჩვენ იდეალურ ადგილას ვცხოვრობთ“, — აღნიშნულია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.1

საუკეთესო „ქუჩა“: შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის „ქუჩაც“, ანუ მისი ორბიტა მზის სისტემაში, იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ორბიტა მზისგან 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. დედამიწა ზუსტად იმ სარტყელშია მოქცეული, სადაც ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. დედამიწა მზის ირგვლივ წრეხაზზე მოძრაობს, რის გამოც წლის განმავლობაში მისი დაშორება მზისგან თითქმის არ იცვლება.

მზე, ამავე დროს, ენერგიის უწყვეტი წყაროა. თავისი ზომიდან გამომდინარე, ის ზუსტად იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენიც სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად არის აუცილებელი. მას მართებულად ეწოდება „განსაკუთრებული ვარსკვლავი“.2

საუკეთესო „მეზობელი“: დედამიწისთვის მეზობლის არჩევა რომ მოგენდომებინათ, ალბათ, მთვარეზე კარგ მეზობელს ვერ იპოვიდით. მთვარის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის თითქმის მეოთხედია. მზის სისტემაში შემავალ სხვა მთვარეებთან შედარებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი გაცილებით დიდია. თუმცა არც ეს არის შემთხვევითი.

მთვარის მიზიდულობა იწვევს დედამიწაზე ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია პლანეტის ეკოლოგიისთვის. მთვარის გრავიტაცია დედამიწის ღერძის უძრაობასაც განაპირობებს. რომ არა მთვარე, ჩვენი პლანეტა ბზრიალასავით დაიწყებდა რყევას; ის შეიძლება ამოტრიალებულიყო ან გვერდზე გადახრილიყო. ეს კატასტროფულ ცვლილებებს მოახდენდა დედამიწის კლიმატსა და წყლის მიმოქცევაზე.

დედამიწის დახრილობა და ბრუნვის სიჩქარე: დედამიწის 23,4-გრადუსიანი დახრილობა განაპირობებს მასზე წელიწადის დროების მონაცვლეობას, ზომიერ ტემპერატურასა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების არსებობას. „ჩვენს პლანეტას იდეალური დახრილობა აქვს“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Rare Earth—Why Complex Life Is Uncommon in the Universe).3

დედამიწის ბრუნვის ზომიერი სიჩქარის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობაც დაბალანსებულია. დედამიწა შემობრუნებას უფრო დიდ დროს რომ ანდომებდეს, დღის ხანგრძლივობა უფრო დიდი იქნებოდა. გარდა ამისა, მზისკენ მიმართული მისი ერთი მხარე გადახურდებოდა, მეორე მხარე კი გაიყინებოდა. ამის საპირისპიროდ, დედამიწა უფრო სწრაფად რომ მოძრაობდეს და დღის ხანგრძლივობა თუნდაც რამდენიმე საათით მოკლე იყოს, ეს პლანეტაზე ძლიერ ქარიშხლებსა და სხვა არასასურველ მოვლენებს გამოიწვევდა.

დედამიწის „ჯავშანი“

კოსმოსში არსებული მომაკვდინებელი რადიაცია და მეტეოროიდები დიდ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენი ცისფერი პლანეტა ხიფათით სავსე გალაქტიკაში შედარებით უსაფრთხოდ მანევრირებს. ეს იმიტომ, რომ დედამიწა კარგი თავდაცვითი სისტემით — მძლავრი მაგნიტური ველითა და ატმოსფეროთი არის აღჭურვილი.

დედამიწის უხილავი მაგნიტური „ჯავშანი“

მაგნიტური ველი: დედამიწის გულში მდებარე გამდნარი რკინის დიდი ბირთვი მთელ პლანეტაზე ქმნის ძლიერ მაგნიტურ ველს, რომელიც დედამიწის გარშემო კილომეტრებზე ვრცელდება. ის გვიცავს მძლავრი კოსმოსური და მზის მიერ გამოსხივებული რადიაციისგან. მზის გამოსხივებას იწვევს მზის ქარი, ანუ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების მძლავრი გამოფრქვევა, და მზის აფეთქებები, რომელთა შედეგადაც ერთ წუთში გამოთავისუფლებული ენერგია მილიარდობით წყალბადის ბომბის მიერ გამოყოფილ ენერგიას უტოლდება. აგრეთვე მზის გვირგვინიდან პლაზმის გამოფრქვევა, რის შედეგადაც კოსმოსში მილიარდობით ტონა მატერიის ნაწილაკი გამოიტყორცნება. თვალითაც შეიძლება იმის დანახვა, როგორ გვიცავს მაგნიტური ველი. მზის აფეთქებებისა და პლაზმის გამოფრქვევის შედეგად წარმოიშობა ჩრდილოეთის ციალი — ზედა ატმოსფეროს ნაირფეროვანი ნათება, რომელიც მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს ჩნდება.

ჩრდილოეთის ციალი

ატმოსფერო: აირების ეს ნარევი არა მარტო სუნთქვის საშუალებას გვაძლევს, არამედ დედამიწის კიდევ ერთ დამცავ ფენას ქმნის. მის ზედა ფენაში, სტრატოსფეროში გვხვდება ჟანგბადის ნაირსახეობა — ოზონი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 99 პროცენტს შთანთქავს. ამგვარად, ოზონის ფენა მავნე გამოსხივებისგან იცავს ცოცხალ არსებებს, მათ შორის ადამიანებსა და პლანქტონს, რომელიც პლანეტაზე არსებული ჟანგბადის უმეტეს ნაწილს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროში ოზონის შემცველობა ერთნაირი არ არის. მისი რაოდენობა ულტრაიისფერი გამოსხივების სიმძლავრესთან ერთად იცვლება. დამოკიდებულია ოზონი დედამიწისთვის მართლაც კარგი ჯავშანია.

ატმოსფერო გვიცავს მეტეორებისგან

ატმოსფერო იგერიებს კოსმოსიდან მომავალ მილიონობით სხეულსაც, რომელთა ზომა შეიძლება უმცირესი ნაწილაკიდან უშველებელი ლოდის ზომამდე მერყეობდეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ატმოსფეროში მოხვედრისას წვას იწყებს და ცაზე ნათელ კვალს ტოვებს, რასაც მეტეორები ეწოდება. დედამიწის ჯავშანი მთლიანად არ აკავებს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო იმ რადიაციას, რომელიც სითბოსა და სინათლის სახით აღწევს ჩვენს პლანეტამდე. ატმოსფერო ხელს უწყობს დედამიწის ზედაპირზე სითბოს გადანაწილებას, ღამით კი სითბოს შენარჩუნებას.

დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლეველი საოცრებებია. იმავეს თქმა შეიძლება სასიცოცხლო ციკლებზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის.

უბრალო დამთხვევაა, რომ ჩვენს პლანეტას ორი ძლიერი „ჯავშანი“ იცავს?

სასიცოცხლო ციკლები

ერთ დღეს რომელიმე ქალაქში ჰაერისა და წყლის მარაგი რომ ამოიწუროს და საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს, ეპიდემია და სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მაგრამ ჩვენი პლანეტა საკუთარი რესურსების შევსებაზე თავად ზრუნავს. ის არ ჰგავს რესტორანს, რომელიც პროდუქტებით გარედან მარაგდება და საიდანაც ნარჩენები გარეთ გააქვთ. დედამიწაზე ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ სუფთა წყალსა და ჰაერს ის კოსმოსიდან არ იღებს და არც ნარჩენებით აბინძურებს მას. როგორ ინარჩუნებს დედამიწის ბიოსფერო სიჯანსაღეს? ამას ის ბუნებრივი ციკლების მეშვეობით ახერხებს, როგორიცაა მაგალითად წყლის, ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის წრებრუნვის ციკლები, რომლებიც ქვემოთ მოკლედ არის ახსნილი.

წყლის წრებრუნვა: წყალი სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელია. ადამიანი უწყლოდ მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. წყლის წრებრუნვა უზრუნველყოფს დედამიწაზე სუფთა, მტკნარი წყლის არსებობას. ის სამ ეტაპად მიმდინარეობს: 1) მზის ენერგიით ხდება წყლის აორთქლება ატმოსფეროში, 2) გასუფთავებული წყლის კონდენსაციის შედეგად წარმოიქმნება ღრუბლები, და 3) ღრუბლებიდან წყალი დედამიწაზე ბრუნდება წვიმის, სეტყვისა და თოვლის სახით, რათა კვლავ მოხდეს მისი აორთქლება. ამგვარად იკვრება წრე. როგორც ვარაუდობენ, ყოველწლიურად იმ რაოდენობის წყალი ბრუნავს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ყველა კონტინენტის დაახლოებით 80 სანტიმეტრზე დასაფარავად.4

ნახშირბადისა და ჟანგბადის ციკლები: როგორც ვიცით, სუნთქვის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს. რატომ არ ილევა ჟანგბადი ჩვენს პლანეტაზე და რატომ არ ივსება ატმოსფერო ნახშირორჟანგით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწაზე მილიარდობით ცოცხალი არსება სუნთქავს? ამას ჟანგბადის ციკლი განაპირობებს. 1) საოცარი პროცესის, ფოტოსინთეზის დროს მცენარეები ჩვენ მიერ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგთან ერთად შთანთქავენ მზის ენერგიას და წარმოქმნიან ნახშირწყლებსა და ჟანგბადს. 2) ეს ციკლი მაშინ სრულდება, როცა ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს. ეს ყველაფერი საათივით არის აწყობილი და ყოველგვარი დაბინძურებისა და დისკომფორტის გარეშე ხდება.

აზოტის ციკლი: სიცოცხლის არსებობა აგრეთვე დამოკიდებულია ისეთი ორგანული ნაერთების წარმოქმნაზე, როგორიცაა ცილები. ა) ამ ნაერთების წარმოსაქმნელად აზოტია საჭირო. ეს აირი ატმოსფეროს 78 პროცენტს შეადგენს. ელვა და ბაქტერიები ჰაერში არსებულ აზოტს მცენარეებისთვის ადვილად ასათვისებელ ნაერთებად გარდაქმნიან. ბ) თავის მხრივ, მცენარეები ამ ნაერთებს ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად იყენებენ. აზოტი ხვდება იმ ცხოველების ორგანიზმშიც, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. გ) მცენარეთა და ცხოველთა კვდომის შემდეგ ბაქტერიები შლიან აზოტშემცველ ნაერთებს. ამ პროცესის შედეგად აზოტი ხვდება ნიადაგსა და ჰაერში. ასე იკვრება წრე.

სრულყოფილი გადამუშავების სისტემა

ტექნოლოგიური პროცესების შედეგად ადამიანები დედამიწას ყოველწლიურად ტონობით გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენებით აბინძურებენ, მაშინ როცა დედამიწა საოცარი ქიმიური პროცესების წყალობით შესანიშნავად ამუშავებს მის მიერ გამოყოფილ ყველა ნარჩენს.

საიდან გაჩნდა დედამიწაზე ასეთი გადამუშავების სისტემა? სამეცნიერო და რელიგიური ნაშრომების ავტორი, მაიკლ კორი ამბობს: „დედამიწის ეკოსისტემა შემთხვევით რომ გაჩენილიყო, შეუძლებელი იქნებოდა მასზე არსებული იდეალური ბუნებრივი ბალანსის მიღწევა“.5 თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?