არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 2

რატომ არ მომწონს ჩემი გარეგნობა?

რატომ არ მომწონს ჩემი გარეგნობა?

რატომ ღირს დაფიქრება

არ დაგავიწყდეს, რომ არსებობს გარეგნობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, ერთი გოგონა, პირობითად ანი, რომელიც სარკეში იყურება. მას თავი ძალიან მსუქანი ჰგონია. „უნდა გავხდე“, — ფიქრობს თავისთვის, არადა მშობლები და მეგობრები ეუბნებიან, რომ ჩხირივით გამხდარია.

ანიმ გადაწყვიტა, წონაში დასაკლებად უკიდურესი ზომებისთვის მიემართა. სულ რაღაც, ორი კილო რომ დაეკლო, რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის არაფერი უჭამია.

ანის ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

თუ საკუთარი გარეგნობის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხარ, ეს იმის მსგავსია, რომ მრუდე სარკეში იყურებოდე.

საკუთარ გარეგნობაზე ფიქრი ნორმალურია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სარას, რახელს, აბიგაილს, იოსებსა და დავითს კარგი გარეგნობა ჰქონდათ; აბიშაგზე კი ვკითხულობთ, რომ „ძალიან ლამაზი იყო“ (1 მეფეები 1:4).

ზოგი ახალგაზრდა მეტისმეტად წუხს გარეგნობაზე და ისეთ ზომებს მიმართავს, რომ ჯანმრთელობას იზიანებს.

  • ერთი გამოკითხვის თანახმად, გოგონების 58 პროცენტს ეგონა, რომ მსუქანი იყო, სინამდვილეში კი მათგან მხოლოდ 17 პროცენტს ჰქონდა ზედმეტი წონა.

  • სხვა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ იმ ქალების 45 პროცენტი, რომელთა წონის მაჩვენებელი სინამდვილეში ნორმაზე ნაკლები იყო, თავს მსუქნად მიიჩნევდა.

  • ზოგ ახალგაზრდას იმდენად უნდა წონაში დაკლება, რომ ანორექსიის მსხვერპლი ხდება; ეს სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომლის დროსაც ადამიანი ფაქტობრივად შიმშილობს.

თუ ამჩნევ, რომ ანორექსიის ან სხვა რომელიმე სახის კვებითი აშლილობის სიმპტომები გაქვს, დახმარება ითხოვე. დაელაპარაკე მშობელს ან ახლობელს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

რის გაუმჯობესებაც ნამდვილად ღირს!

სინამდვილეში ადამიანის ნამდვილი სილამაზე შინაგანი პიროვნების მიხედვით ფასდება. დაფიქრდი მეფე დავითის ვაჟზე, აბესალომზე. ბიბლიაში ვკითხულობთ:

„არავინ იყო თავისი თვალტანადობით აბესალომივით  . . . თხემით ტერფამდე უნაკლო იყო“ (2 სამუელი 14:25).

მაგრამ ეს ახალგაზრდა მამაკაცი ამაყი, პატივმოყვარე და მოღალატე იყო. ბიბლია აბესალომს დადებით შუქში არ წარმოგვიჩენს, პირიქით, მას უტიფარ, ორგულ და კაცთმოძულე პიროვნებად გვიხასიათებს.

ბიბლია ასეთ პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს:

„შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:10).

„თქვენ ის კი არ უნდა გამკობდეთ, რაც გარეგნულად ჩანს . . . არამედ შინაგანი პიროვნება“ (1 პეტრე 3:3, 4).

მართალია, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაში ცუდი არაფერია, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: ის უფრო მნიშვნელოვანია, შინაგანად როგორი ხარ, ვიდრე ის, თუ როგორი გარეგნობა გაქვს. ადამიანს ხომ ნამდვილ ხიბლს და სილამაზეს პიროვნული თვისებები სძენს და არა ათლეტური აღნაგობა ან ლამაზი სხეული! „შეიძლება შენმა სილამაზემ უცებ მოხიბლოს ადამიანი, მაგრამ შენი შინაგანი სამყარო და კარგი თვისებები გაცილებით ღრმა კვალს დატოვებს სხვებზე“, — ამბობს ერთი გოგონა, სახელად ფელისია.

თვალსაზრისი საკუთარ გარეგნობაზე

ხშირად გიფუჭდება ხასიათი შენი გარეგნობის გამო?

გიფიქრია პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე ან მკაცრი დიეტის დაცვაზე?

რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში? (აირჩიე)

  • სიმაღლე

  • წონა

  • თმა

  • აღნაგობა

  • სახე

  • კანის ფერი

თუ პირველ ორ კითხვაზე დადებითად უპასუხე, მესამეში კი სამი ან მეტი პასუხი აირჩიე, მაშინ ერთი რამ გახსოვდეს: საეჭვოა, რომ სხვებსაც ისეთივე წარმოდგენა ჰქონდეთ შენს გარეგნობაზე, როგორიც შენ გაქვს. ასეთ დროს შეიძლება ძალიან ადვილად გადავარდე უკიდურესობებში და გადამეტებულად ინერვიულო საკუთარ გარეგნობაზე (1 სამუელი 16:7).