არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაგეხმარებათ ბიბლია ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში?

დაგეხმარებათ ბიბლია ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში?

 ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კვდება წამალდამოკიდებულების, მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარების გამო. ზოგის შემთხვევაში ზედოზირება იწვევს სიკვდილს, ზოგს კი ჯანმრთელობა ერყევა და ამის გამო დგება ფატალური შედეგი. კოვიდპანდემიის პერიოდში უფრო მეტი ადამიანი მიეჯაჭვა ნარკოტიკებს. თუმცა ბიბლიაში მოცემული ბრძნული რჩევები ბევრს დაეხმარა, გათავისუფლებულიყო ნარკოდამოკიდებულებისგან. თუ არც თქვენთვისაა უცხო ეს პრობლემა, ბიბლია თქვენც დაგეხმარებათ. a

ამ სტატიაშია:

 რატომ ღირს, დახმარებისთვის ბიბლიას მივმართოთ?

 სპეციალისტების აზრით, არსებობს ფაქტორები, რომლებიც წამალდამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის, მათ შორისაა: მარტოობის გრძნობა, სტრესი, შფოთვა და დეპრესია. ბიბლია დაგეხმარებათ, ღვთისადმი რწმენა განივითაროთ, რაც, თავის მხრივ, ძალას შეგმატებთ, მოერიოთ მსგავს ემოციურ მდგომარეობას. ბიბლიიდან გაიგებთ, როგორ დაუმეგობრდეთ ღმერთს და მისი დახმარებით, როგორ დაძლიოთ ერთი შეხედვით გადაულახავი პრობლემები (ფსალმუნი 25:14; მარკოზი 11:22—24).

 ოთხი ბიბლიური რჩევა

  1.  1) გაეცანით შემოქმედს, იეჰოვას b (იოანე 17:3). იეჰოვა ყოველივეს შემოქმედი და ულევი ძალის პატრონია. რაც ყველაზე მთავარია, ის ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამაა. მას უნდა, რომ თქვენი მეგობარი გახდეს და თავისი ძალა თქვენ სასიკეთოდ გამოიყენოს (ესაია 40:29—31; იაკობი 4:8). ღმერთი საუცხოო მომავალს გიმზადებთ. ამიტომ დააფასეთ მისი სიყვარული და უარი არ თქვათ მის დახმარებაზე (იერემია 29:11; იოანე 3:16).

  2.  2) დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ. ილოცეთ და იეჰოვას სთხოვეთ, დაგაძლევინოთ ნარკოდამოკიდებულება, რომ შეძლოთ მას თავი „წმინდა [ანუ სუფთა], მისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ წარუდგინოთ (რომაელები 12:1). ღმერთი სულიწმიდის ანუ წმინდა სულის მეშვეობით მოგცემთ ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7; ლუკა 11:13). ეს ძალა დაგეხმარებათ, შეწყვიტოთ ნარკოტიკების მოხმარება და შეიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:9, 10).

  3.  3) ღვთიური აზრებით აივსეთ გონება (ესაია 55:9). ღვთის დახმარებით აზროვნების შეცვლას შეძლებთ, ეს კი, თავის მხრივ, იმის ძალას მოგცემთ, რომ გათავისუფლდეთ ნარკოტიკების ტყვეობისგან (ეფესოელები 4:23). ღვთის აზრები ბიბლიაშია ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელია, ყოველდღიურად იკითხოთ ეს წიგნი (ფსალმუნი 1:1—3). ბევრს ბიბლიის უკეთ გაგებაში იეჰოვას მოწმეების ინტერაქტიული სასწავლო კურსი დაეხმარა, რომელსაც ყველას უფასოდ ვთავაზობთ, მათ შორის თქვენც (საქმეები 8:30, 31). ჩვენ შეხვედრებსაც ვატარებთ, სადაც ღრმად ვიკვლევთ ბიბლიას და ვმსჯელობთ მის პრაქტიკულ ღირებულებაზე. ამ შეხვედრებზეც გულთბილად გეპატიჟებით.

  4.  4) აირჩიეთ კარგი სამეგობრო წრე. მეგობრებს დიდი გავლენა აქვთ ჩვენზე. შესაბამისად, თქვენს პრობლემასთან ბრძოლაში მათ შეუძლიათ ან ხელი შეგიწყონ, ან კიდევ პირიქით (იგავები 13:20). ღვთის თაყვანისმცემლებს ნამდვილი მეგობრობის გაწევა შეუძლიათ, ამიტომ ღმერთს სურს, თქვენც იპოვოთ მათ შორის კარგი მეგობრები, რაც პოზიტიურად აისახება თქვენზე (ფსალმუნი 119:63; რომაელები 1:12). გართობის დროსაც სიფრთხილე გმართებთ, რადგან ნანახს, მოსმენილსა თუ წაკითხულს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაგაკარგვინებთ ბრძოლის სურვილს (ფსალმუნი 101:3; ამოსი 5:14).

 ამ ბრძოლაში დამხმარე ბიბლიური მუხლები

 ფსალმუნი 27:10: „დედ-მამამაც რომ მიმატოვოს, იეჰოვა შემიფარებს“.

 „ისე გავიზარდე, რომ მამა არასდროს მინახავს, რის გამოც საშინელი სიცარიელის გრძნობა მქონდა. მას შემდეგ, რაც იეჰოვა გავიცანი და ის ჩემთვის რეალური პიროვნება გახდა, მივხვდი, რომ მას ნამდვილად ვუყვარდი. ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა და ნარკოდამოკიდებულებასაც მოვერიე“ (უილბი, ჰაიტი).

 ფსალმუნი 50:15: „მომიხმე გაჭირვების ჟამს, გადაგარჩენ და შენც განმადიდებ“.

 „ამ მუხლმა არაერთგზის შემმატა ძალა, რომ საკუთარ თავზე მაშინაც არ ჩამექნია ხელი, როცა ცდუნებას ვერ ვუძლებდი. იეჰოვამ ნამდვილად შემისრულა დაპირებული“ (სერგი, უკრაინა).

 იგავები 3:5, 6: „მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის მოგისწორებს სავალს“.

 „ეს მუხლები დამეხმარა, საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვაზე ვყოფილიყავი დანდობილი. მისი ძალით ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შევცვალე“ (მიქელი, იტალია).

 ესაია 41:10: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ! ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ! მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები, ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ!“.

 „ნარკოტიკებს თავს რომ ვანებებდი, საშინელი შფოთვა დამეწყო. ამ მუხლმა დამარწმუნა, რომ ღმერთი ამ შფოთვის დაძლევის ძალას მომცემდა და ეს ასეც მოხდა“ (ენდი, სამხრეთი აფრიკა).

 1 კორინთელები 15:33: „ნუ მოტყუვდებით! ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს“.

 „ცუდ წრეში აღმოვჩნდი. პირველად ნარკოტიკები მათ გამასინჯეს და მერე დამოკიდებულიც გავხდი. თავის დანებება მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, რაც მათთან ურთიერთობა გავწყვიტე და ისეთ ადამიანებს დავუმეგობრდი, რომლებიც სუფთა ცხოვრებით ცხოვრობდნენ“ (აიზეკი, კენია).

 2 კორინთელები 7:1: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას“.

 „ადრე თავს ვიღუპავდი, ამ სიტყვებმა კი იმის ძალა შემმატა, რომ არ დავბრუნებოდი უწმინდურ ჩვევებს“ (როზა, კოლუმბია).

 ფილიპელები 4:13: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“.

 „მესმოდა, რომ საკუთარი ძალებით ვერ დავანებებდი თავს ნარკოტიკს, ამიტომ ბევრს ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი დახმარებას. მანაც მომცა ამისთვის საჭირო ძალა“ (პატრიცია, იტალია).

 მათი ისტორიები, ვინც ბიბლიის დახმარებით დაძლია ეს ჩვევა

 ჟოზეფ ერენბოგენი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხშირი იყო ჩხუბი და ძალადობა. ის ალკოჰოლზე, მარიხუანასა და ჰეროინზე გახდა დამოკიდებული. ზედოზირების გამო მან რამდენჯერმე სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში. ერთმა ბიბლიურმა მონაკვეთმა ჟოზეფი დაარწმუნა, რომ შეძლებდა ცვლილებების მოხდენას. წაიკითხეთ მისი ავტობიოგრაფია „ვისწავლე ქალებისა და საკუთარი თავის პატივისცემა“.

 დიმიტრი კორშუნოვი ცდილობდა, როგორმე დაენებებინა ალკოჰოლისთვის თავი, თუმცა ბევრჯერ ჰქონდა ჩავარდნა. უყურეთ ვიდეოს „ყველაფერი ყელში ამომივიდა“ და გაიგეთ, რა დაეხმარა მას, დაეძლია ეს ჩვევა.

 კრძალავს ბიბლია ნარკოდამოკიდებულების მკურნალობას?

 არა. ბიბლიაში წერია: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12). შეერთებული შტატების ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თქმით, „ნარკოდამოკიდებულება კომპლექსური დაავადებაა და მისგან გასათავისუფლებლად მხოლოდ ძლიერი სურვილი და სიმტკიცე არ კმარა“. ბუნებრივია, საკუთარ თავში ისეთ ძალას ვერასდროს ვიპოვით, როგორის მოცემაც ღმერთს შეუძლია, თუმცა ბევრს, ვინც ბიბლიური რჩევების დახმარებით ნარკოტიკს დაანება თავი, მაინც დასჭირდა სამედიცინო მკურნალობა. c მაგალითად, ერთი იეჰოვას მოწმე, ალენი, იხსენებს: „ალკოჰოლისთვის თავის დანებებას რომ ვცდილობდი, საშინელ ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ სულიერი დახმარების გარდა ექიმების დახმარებაც მჭირდებოდა“.

 კრძალავს ბიბლია ნარკოტიკის სამედიცინო მიზნით გამოყენებას?

 არა. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენება და მას სიკვდილის პირას მყოფი ადამიანისთვის ტკივილის გაყუჩებაც შეუძლია (იგავები 31:6; 1 ტიმოთე 5:23). თუმცა როგორც ალკოჰოლმა იცის შეჩვევა, ისე ტკივილის გასაყუჩებლად გამოყენებულ ნარკოტიკზეც შეიძლება ადვილად გახდეს ადამიანი დამოკიდებული. ამიტომ კარგი იქნება, წინასწარ დაფიქრდეთ, რა საფრთხე არსებობს და დიდი სიფრთხილით გამოიყენოთ ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებლები (იგავები 22:3).

a ამ სტატიაში მოცემული ბიბლიური პრინციპები მათაც დაეხმარებათ, ვინც ალკოჰოლზე, თამბაქოზე, აზარტულ თამაშებზე, პორნოგრაფიასა და სოციალურ მედიაზეა დამოკიდებული ან კიდევ გადაჭარბებული კვების პრობლემას ებრძვის.

b იეჰოვა ღმერთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „“ვინ არის იეჰოვა?“.

c დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა სამკურნალო ცენტრს და კლინიკას. არსებობს სპეციალური პროგრამებიც. ყველამ ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს მისთვის მისაღები ვარიანტი (იგავები 14:15).