არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მთებში სპილენძს მოიპოვებთ“

„მთებში სპილენძს მოიპოვებთ“

იუდეის უდაბნოში არქეოლოგების ჯგუფი საგულდაგულოდ იკვლევდა ხევებსა და გამოქვაბულებს. ციცაბო კლდეზე მათ ერთ გამოქვაბულს მიაგნეს. შესაძლოა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ ძვირფასს ნივთებს, მაგალითად, უძველეს ძეგლებს ან ისეთ ღირებულ ხელნაწერებს, როგორიცაა მკვდარი ზღვის ხელნაწერები. ისინი თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ნამდვილი განძი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგვიანებით ნაჰალ-მიშმარის საგანძური უწოდეს.

ნაპრალში დამალული და ლერწამში გახვეული ეს საგანძური, რომელიც 1961 წლის მარტში აღმოაჩინეს, 400-ზე მეტ ნივთს შეიცავდა. ამ ნივთების უმეტესობა სპილენძის იყო. მათ შორის იყო გვირგვინები, კვერთხები, კეტები და სამუშაო თუ სხვა იარაღები. ეს აღმოჩენა ბიბლიის მკითხველთათვის საინტერესოა, რადგან დაბადების 4:22-ში თუბალ-კაენი მოხსენიებულია, როგორც „სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის მჭედელი“.

ამ საგანძურის წარმოშობასა და ისტორიაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. თუმცა ამ აღმოჩენამ ცხადი გახადა, რომ ბიბლიურ ქვეყნებში უძველესი დროიდან იყო განვითარებული სპილენძის მოპოვება და დამუშავება.

სპილენძის საბადოები აღთქმულ მიწაზე

აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „მთებში სპილენძს მოიპოვებთ“ (კანონი 8:7—9). ისრაელსა და იორდანიაში არქეოლოგებმა არაერთი უძველესი საბადო და სადნობი ადგილი აღმოაჩინეს, მაგალითად, ფეინანი, თიმნა და ხირბათ-ენ-ნაჰასი. რა ინფორმაცია მოიპოვეს არქეოლოგებმა ამ ადგილების შესწავლით?

ფეინანსა და თიმნაში მრავლადაა პატარ-პატარა ორმოები, საიდანაც სულ მცირე 2 000 წლის განმავლობაში მოიპოვებდნენ სპილენძს. დღესაც ამ ადგილებში შესაძლებელია მწვანე ლაქებიანი სპილენძის შემცვლელი ქვის ნატეხების ნახვა. ძველი დროის მემაღაროეები ქვის იარაღებით ამტვრევდნენ კლდის ზედაპირზე არსებულ სპილენძის ფენას. როცა სპილენძის მარაგი კლდის ზედაპირზე ამოიწურებოდა, ისინი ლითონის იარაღებით ღრმად იწყებდნენ თხრას, აფართოებდნენ გამოქვაბულებს და კლდეში შახტებსა თუ გვირაბებს ჭრიდნენ. წიგნ „იობში“ აღწერილია, როგორ ხდებოდა ძველად წიაღისეულის მოპოვება (იობი 28:2—11). ეს საკმაოდ მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული. ახ. წ. III—V საუკუნეებში რომის იმპერიაში საშიშ დამნაშავეებსა და სხვა პატიმრებს ფეინანში სპილენძის მაღაროებში ამუშავებდნენ.

ხირბათ-ენ-ნაჰასში (ნიშნავს სპილენძის ნანგრევებს) აღმოაჩინეს წიდის დიდი გროვები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ დიდი მასშტაბით ხდებოდა სპილენძის დამუშავება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იქ მადანი ახლომდებარე ფეინანისა და თიმნის მაღაროებიდან მიჰქონდათ. სპილენძის მისაღებად მადანს  8—10 საათის განმავლობაში დაახლოებით 1200°C ტემპერატურაზე ამუშავებდნენ. ამ ტემპერატურას თიხის მილებში ჰაერის ჩაბერვითა და საბერვლების საშუალებით აღწევდნენ, რომლებსაც ფეხით ამუშავებდნენ. ჩვეულებრივ, 5 კილოგრამი მადნიდან 1 კილოგრამ სპილენძს იღებდნენ. მიღებული სპილენძის ზოდებისგან სხვადასხვა ნივთს ასხამდნენ.

სპილენძის გამოყენება ძველ ისრაელში

სინას მთაზე იეჰოვა ღმერთმა გარკვევით უთხრა ისრაელებს, რომ კარვის ასაგებად ეს მბზინავი ლითონი გამოეყენებინათ, რომელიც იმ ტერიტორიაზე მოიპოვებოდა. მოგვიანებით იერუსალიმის ტაძრის ასაგებადაც იგივე ლითონი გამოიყენეს (გამოსვლის 27-ე თავი). ისრაელებს, შესაძლოა, ეგვიპტეში ჩასვლამდე ლითონის დამუშავების გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ან ლითონზე მუშაობა ეგვიპტეში ისწავლეს. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მათ ხბოს ქანდაკების ჩამოსხმა შეძლეს. მათ აგრეთვე კარავში მსახურებისთვის სპილენძის უამრავი ნივთი დაამზადეს, მაგალითად, დიდი აუზი, ქვაბები, თასები, ნიჩბები და სამკაპები (გამოსვლა 32:4).

მოგვიანებით უდაბნოში ხეტიალისას, შესაძლოა, ფუნონის მახლობლად (სავარაუდოდ დღევანდელი ფეინანი), სადაც სპილენძი უხვად მოიპოვებოდა, ისრაელებმა მანანისა და წყლის გამო დრტვინვა დაიწყეს. დასასჯელად იეჰოვამ მათ შხამიანი გველები მოუვლინა და ბევრი ისრაელი დაიხოცა. როცა ხალხმა მოინანია, მოსემ მათ იეჰოვას წინაშე უშუამდგომლა. ღმერთმა უთხრა მას, რომ გაეკეთებინა სპილენძის გველი და ბოძზე დაემაგრებინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა, ცოცხალი რჩებოდა“ (რიცხვები 21:4—10; 33:43).

სპილენძის გამოყენება სოლომონის დროს

იერუსალიმის ტაძარში ბევრი რამ სპილენძისგან იყო დამზადებული

მეფე სოლომონმა დიდი რაოდენობით სპილენძი გამოიყენა იერუსალიმის ტაძრის მოსაწყობად. სპილენძის დიდი ნაწილი მამამისმა, დავითმა, სირიიდან ნადავლად წამოიღო (1 მატიანე 18:6—8). სპილენძის ზღვა უშველებელი აუზი იყო, საიდანაც მღვდლები წყალს დასაბანად იღებდნენ. აუზის ტევადობა დაახლოებით 66 000 ლიტრი იყო, წონა კი შესაძლოა 30 ტონა (1 მეფეები 7:23—26, 44—46). ტაძრის შესასვლელთან ორი უზარმაზარი სპილენძის სვეტი იდგა. ისინი ღრუიანი იყო, მათი სისქე 7,5 სანტიმეტრი, დიამეტრი 1,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი იყო. ორივე სვეტს 2,2 მეტრი სიგრძის ბუღაური ედგა (1 მეფეები 7:15, 16; 2 მატიანე 4:17). მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სპილენძი გამოიყენეს აუზისა და სვეტების ჩამოსასხმელად.

ბიბლიურ დროში სპილენძისგან დამზადებულ ნივთებს ყოველდღიურად იყენებდნენ. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია სპილენძის საბრძოლო იარაღები, ბორკილები, საკრავები და კარები (1 სამუელი 17:5, 6; 2 მეფეები 25:7; 1 მატიანე 15:19; ფსალმუნი 107:16). იესომ მოიხსენია სპილენძის ფული, მოციქულმა პავლემ კი „მესპილენძე ალექსანდრე“ (მათე 10:9; 2 ტიმოთე 4:14).

არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი ბიბლიურ დროში სპილენძის ნივთების წარმოშობასა და ისტორიასთან, აგრეთვე ნაჰალ-მიშმარის საგანძურთან დაკავშირებით. თუმცა ერთი რამ ცხადია, და ამას ბიბლიაც ადასტურებს, ისრაელებმა ნამდვილად დაიმკვიდრეს მადლიანი მიწა, სადაც მთებში სპილენძს მოიპოვებდნენ (კანონი 8:7—9).