არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა მტკიცებულება არსებობს, რომ უძველესი ქალაქი იერიხონი ხანგრძლივი ალყის გარეშე აიღეს?

იესო ნავეს ძის 6:10—15, 20-ის თანახმად, ისრაელთა ჯარი ექვსი დღის განმავლობაში ქალაქ იერიხონს დღეში ერთხელ უვლიდა გარშემო. ისრაელებმა ქალაქს მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეს და ღვთის ძალით ქალაქის უშველებელი გალავანი ჩამოიქცა. ისრაელთა ჯარი იერიხონში შეიჭრა და ქალაქი დაიპყრო. საინტერესოა, ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენები იმას, რასაც ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქალაქი ხანმოკლე ალყის შემდეგ იქნა აღებული?

ძველ დროში გამაგრებული ქალაქისთვის მომხდურთა მიერ ალყის შემორტყმა მეტად ჩვეული რამ იყო. ქალაქის აღების შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გასტანდა ალყა, გამარჯვებულები იტაცებდნენ როგორც ქალაქის სიმდიდრეს, ისე საკვების მარაგს. თუმცა იერიხონის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. მის ნანგრევებში არქეოლოგებმა დიდი რაოდენობით მარცვლეულს მიაგნეს. ამის თაობაზე ჟურნალში, „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“, ვკითხულობთ: „ნანგრევებში, [არქეოლოგებმა] თიხის ჭურჭლის გარდა, დიდი რაოდენობით მარცვლეულს მიაკვლიეს . . . ეს პალესტინურ არქეოლოგიურ ანალებში უნიკალური მოვლენაა. დაპყრობილ ქალაქში შესაძლებელი იყო ერთი ან ორი ქილა მარცვლეულის პოვნა, მაგრამ არა ამ რაოდენობით; ეს შემთხვევა მართლაც გამონაკლისია“.

ბიბლიური ისტორიის მიხედვით, ისრაელებს ჰქონდათ მიზეზი, რის გამოც ხელი არ ახლეს იერიხონის მარცვლეულს. მიზეზი ის გახლდათ, რომ იეჰოვას მათთვის აკრძალული ჰქონდა ამის გაკეთება (იეს. 6:17, 18). ისრაელებმა ქალაქს გაზაფხულზე შემოარტყეს ალყა ანუ იმ დროს, როცა მკა დასრულებული იყო და ქალაქში მარცვლეული უხვად ჰქონდათ (იეს. 3:15—17; 5:10). იერიხონში მარცვლეულის სიუხვე ერთ რამეზე მეტყველებს: ისრაელთა ალყა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც ამას ბიბლია გვაუწყებს.