არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩემთვის კარგი აღმოჩნდა იეჰოვასთან დაახლოება“

„ჩემთვის კარგი აღმოჩნდა იეჰოვასთან დაახლოება“

ცხრა წლისამ სიმაღლეში ზრდა შევწყვიტე. მაშინ კოტ-დ’ივუარში ვცხოვრობდი. მას შემდეგ 34 წელი გავიდა; მე მხოლოდ 1 მეტრი სიმაღლისა ვარ. როცა მშობლები მიხვდნენ, რომ ფიზიკურად აღარ ვიზრდებოდი, მითხრეს, რომ საქმე მეკეთებინა, რათა საკუთარ გარეგნობაზე ბევრი არ მეფიქრა. მეც ჩემი სახლის წინ დახლი გავმართე, სადაც ხილს ვყიდდი. ჩემი დახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყო, რაც მუშტარს იზიდავდა.

მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავად, საკუთარ თავზე მაინც მეფიქრებოდა — მე მაინც ერთი ციდა ვრჩებოდი და უმნიშვნელო საქმის გასაკეთებლადაც კი დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა. მაგალითად, მაღაზიაში დახლებსაც კი ვერ ვწვდებოდი. ყველაფერი ორ ჩემხელა ადამიანებზე იყო გათვლილი. საკუთარი თავი მებრალებოდა, თუმცა 14 წლისამ ჩემს პრობლემას განსხვავებული თვალით შევხედე.

ერთ დღეს ჩემს დახლთან ორი იეჰოვას მოწმე ქალბატონი მოვიდა, რომლებმაც ხილი შეიძინეს. მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე მივხვდი, რომ ჩემს ფიზიკურ ნაკლზე ბევრად მნიშვნელოვანი იეჰოვას გაცნობა და მისი განზრახვის გაგება იყო. ეს ჩემზე დადებითად აისახა. ფსალმუნის 73:28-ში ჩაწერილი სიტყვები ძალიან შემიყვარდა. ეს მუხლი ასე იწყება: „ჩემთვის ... კარგია ღმერთთან დაახლოება“.

მალე ოჯახთან ერთად ბურკინა-ფასოში გადავედი საცხოვრებლად და ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. სამშობლოში, კოტ-დ’ივუარში მეზობლებისთვის მე და ჩემი დახლი ნამდვილად არ წარმოვადგენდით უცხო სანახაობას. მაგრამ ახალ გარემოში ყველას თვალში ვხვდებოდი. ხალხი მაშტერდებოდა. ამან, კვირების განმავლობაში, სახლში ჩამკეტა. მაშინ გამახსენდა, თუ რა კარგი აღმოჩნდა ჩემთვის, ჯერ კიდევ კოტ-დ’ივუარში, იეჰოვასთან დაახლოება. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს მივწერე და მათ ჩემთან ერთი მისიონერი, სახელად ნანი, გამოგზავნეს, რომელსაც სკუტერი ჰყავდა.

ჩემს სახლამდე მოსასვლელ ქვიშიან გზებზე სიარული იოლი საქმე არ იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ გზები წვიმების დროს საშინლად ტალახდებოდა. თურმე ნანი, როცა ჩემთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მოდიოდა, ხშირად ვარდებოდა თავისი სკუტერიდან. თუმცა, ის ამ სირთულეს არ ნებდებოდა. ერთხელ მან კრების შეხვედრაზე წაყვანა შემომთავაზა. ვიცოდი: ჩემი სახლიდან გასვლა იმას ნიშნავდა, რომ ხალხის ცნობისმოყვარე მზერას ვერ გავექცეოდი. ამასთანავე, თუ სკუტერზე მეც დავჯდებოდი, ის უფრო მეტად დამძიმდებოდა, რაც მას კიდევ უფრო გაუძნელებდა სვლას. ამ ყოველივეს მიუხედავად, გამახსენდა, თუ როგორ გრძელდებოდა ჩემი საყვარელი მუხლი: „უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“; ასე რომ, ნანის კრების შეხვედრაზე გავყევი.

მე და ნანი კრებაზე მისვლამდე არაერთხელ ჩავცვივდით ტალახში; თუმცა ეს ნამდვილად ღირდა ძალისხმევად. სამეფო დარბაზში მისულმა დიდი კონტრასტი დავინახე — გარეთ თუ ხალხი ურცხვად მომჩერებოდა, იქ ყველა გულთბილად და სიყვარულით მიღიმოდა. ცხრა თვის შემდეგ მოვინათლე.

ჩემი საყვარელი მუხლი ასე სრულდება: „რათა ვაუწყო ყველა მისი საქმე“. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქადაგება ძალიან გამიჭირდებოდა. დღემდე მახსოვს ის დღე, როცა პირველად ვიქადაგე კარდაკარ. დიდიან-პატარიანად ყველა მე მომშტერებოდა, მომყვებოდნენ და სიარულში მაჯავრებდნენ. ამან ძალიან მატკინა გული. მაგრამ საკუთარ თავს რამდენჯერმე შევახსენე: „მათაც ხომ ისევე სჭირდებათ ღვთის აღთქმული ქვეყნიერება, როგორც მე!“. ამიტომაც, სირთულეებს არ შევეპუე.

საქმის გასაადვილებლად სამთვლიანი ველოსიპედი შევიძინე ხელის პედლით. მსახურების დროს, როცა აღმართზე ავდიოდით ჩემი პარტნიორი უკნიდან მაწვებოდა, შემდეგ ველოსიპედს შემოახტებოდა ხოლმე და დაღმა ერთად ვეშვებოდით. მართალია, თავიდან მსახურება მიჭირდა, მაგრამ ცოტა ხანში ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა; ამიტომ 1998 წლიდან სრული დროით მსახურება დავიწყე.

ბიბლიას ბევრს ვასწავლიდი; ოთხი შემსწავლელი მოინათლა კიდეც. საბედნიეროდ, ჩემმა ერთ-ერთმა დამაც მიიღო ჭეშმარიტება. როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გამხნევება, სწორედ მაშინ ვიგებდი სხვების სულიერი წინსვლის ამბავს; ეს ჩემზე დადებითად მოქმედებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მალარიის მორიგ შემოტევას ვებრძოდი, კოტ-დ’ივუარიდან წერილი მივიღე. ბურკინა-ფასოში კარდაკარ მსახურების დროს ერთ სტუდენტთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე და შემდეგ შესწავლა ძმას გადავაბარე. ეს სტუდენტი მოგვიანებით კოტ-დ’ივუარში გადავიდა. ძალიან გამიხარდა, როცა ამ წერილით შევიტყვე, რომ იგი მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო!

გაინტერესებთ, თავს როგორ ვირჩენ? ორგანიზაციამ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება, კერვის სწავლა შემომთავაზა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელმაც ჩემი სამუშაო უნარ-ჩვევები შენიშნა, მითხრა, რომ საპნის დამზადებას მასწავლიდნენ. ჰოდა, მეც ვისწავლე. სახლში ვამზადებ კოსმეტიკურ და სარეცხის საპნებს. ხალხს მოსწონს ჩემი ნაწარმი და სხვებსაც ურჩევენ მის ყიდვას. კლიენტებთან საპონი თავად დამაქვს ჩემი სამთვლიანი სკუტერით.

სამწუხაროდ, დეფორმირებული ხერხემლის გამო 2004 წლიდან ისეთი გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო, რომ პიონერობა შევწყვიტე. თუმცა დღემდე თავდაუზოგავად ვმსახურობ.

ხალხი მეუბნება, რომ „გადამდები“ ღიმილი მაქვს. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემთვის კარგი აღმოჩნდა იეჰოვასთან დაახლოება! — მოგვითხრო სარა მაიგამ.