არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როცა თქვენი შვილი იტყუება

როცა თქვენი შვილი იტყუება

პრობლემა

თქვენი ხუთი წლის ბიჭი გვერდითა ოთახში თამაშობს. * უცებ მსხვრევის ხმა გესმით. ოთახში შერბიხართ და ხედავთ, რომ თქვენი შვილი დამსხვრეულ ფაიფურის ვაზასთან დგას. სახეზე აწერია, რომ დამნაშავეა.

„შენ გატეხე ვაზა?“, — გაბრაზებული ეკითხებით.

„არა, დედიკო, მე არ გამიტეხია!“ — გპასუხობთ უცებ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თქვენი შვილი ტყუილში დაიჭირეთ. უნდა დაგაფიქროთ ამან?

რა უნდა იცოდეთ

ტყუილის თქმა ყოველთვის ცუდია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთს სძულს „მატყუარა ენა“ (იგავები 6:16, 17). ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა მის მიმართ, ვინც მოძმეს შეცდომაში შეიყვანდა (ლევიანები 19:11, 12).

ყველა ტყუილი ერთნაირი არ არის. არსებობს ბოროტი ტყუილიც, რომელიც იმისთვის არის გამიზნული, რომ სხვას ზიანი მიაყენოს. ზოგს სიტუაცია აიძულებს ტყუილი თქვას, რათა თავი აარიდოს სირცხვილს ან სასჯელს (დაბადება 18:12—15). მართალია, ყველა ტყუილი ცუდია, მაგრამ ზოგი ტყუილი ძალიან სერიოზულია. თუ შვილმა მოგატყუათ, გაითვალისწინეთ მისი ასაკი და ის, თუ რატომ არ თქვა სიმართლე.

პრობლემას მანამ უნდა მიხედოთ, სანამ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა. „სიმართლის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის გაკეთება რთულია, ბავშვს მნიშვნელოვან რამეს ასწავლის. ურთიერთობები ნდობაზეა აგებული, ტყუილი კი ანგრევს ნდობას“, — დაწერა პროფესორმა დეივიდ უოლშმა. *

პანიკაში ნუ ჩავარდებით. ის ფაქტი, რომ ბავშვი იტყუება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოროტ ადამიანად ყალიბდება. გაითვალისწინეთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15). ზოგი ბავშვი ასეთ უგუნურებას მაშინ ავლენს, როცა ტყუის. ის შეიძლება ფიქრობს, რომ ასე ყველაზე მარტივად აარიდებს თავს დასჯას. თუმცა ასეთ დროს თქვენი რეაქცია უფრო მნიშვნელოვანია.

 რა შეგიძლიათ გააკეთოთ

ეცადეთ, მიხვდეთ, რატომ იტყუება თქვენი შვილი. დასჯის ან თქვენი განაწყენების ხომ არ ეშინია? თუ თანატოლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად რაღაც ამბებს იგონებს, ამას იმიტომ ხომ არ აკეთებს, რომ ვერ არჩევს რეალობას ფანტაზიისგან? თუ გეცოდინებათ, რატომ იტყუება თქვენი შვილი, ადვილად შეძლებთ მის დახმარებას (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 13:11).

ზოგჯერ კითხვის დასმა საჭირო არ არის. სტატიაში აღწერილ სიტუაციაში დედამ იცოდა სიმართლე და შვილს გაბრაზებულმა ჰკითხა: „შენ გატეხე ვაზა?“. ბავშვმა შეიძლება იმიტომ მოიტყუა, რომ დედის განრისხების შეეშინდა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ დედას გამომცდელად ეკითხა, მან გატეხა თუ არა ვაზა, უკეთესი იქნებოდა მარტივად ეთქვა: „უი, ვაზა გაგიტეხია!“. ასეთნაირად, მშობელი ბავშვს ტყუილის თქმის ცდუნებისგან დაიცავს და ასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია გულწრფელობა (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:9).

შეაქეთ ბავშვი გულწრფელობისთვის. ყველა ბავშვს უნდა, რომ მშობელს ასიამოვნოს, ამიტომ ეს თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენს ოჯახში პატიოსნება და გულწრფელობა ძალიან ფასობს და მისგანაც მოელით, რომ ყოველთვის სიმართლე ილაპარაკოს (ბიბლიური პრინციპი: ებრაელები 13:18).

ბავშვს კარგად აუხსენით, რომ ტყუილი ნდობას ანგრევს, დაკარგული ნდობის აღდგენას კი დიდი დრო სჭირდება. როდესაც სიმართლეს ამბობს, შეაქეთ. ამგვარად მას კარგი საქციელისკენ წაახალისებთ. შეგეძლოთ ასეთი რამ გეთქვათ: „ძალიან მიხარია, რომ სიმართლეს ამბობ“.

მიეცით მაგალითი. ცხადია, ბავშვისგან სიმართლის ლაპარაკს არ უნდა მოელოდეთ, თუ თქვენგან მას ასეთი ფრაზები ესმის: „უთხარი, რომ სახლში არა ვარ“, მაშინ როცა არ გსურთ ტელეფონზე საუბარი. ან როდესაც ამბობთ: „ავად ვარ და დღეს სახლში დავრჩები“, არადა მშვენივრად ხართ და უბრალოდ დასვენება გინდათ (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 3:17).

მიმართეთ ბიბლიას. ბიბლიური პრინციპები და მასში ჩაწერილი რეალური შემთხვევები პატიოსნებას გვასწავლის. იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ დაგეხმარებათ ბავშვს ბიბლიური პრინციპები ჩაუნერგოთ. 22-ე თავის სათაურია: „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“ (ამონარიდი ამ თავიდან მოცემულია ჩარჩოში „ წიგნი თქვენი ბავშვისთვის“). წიგნი

^ აბზ. 4 სტატიაში განხილული პრინციპები ეხება როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.

^ აბზ. 11 ამონარიდი წიგნიდან «რატომ უნდა ვუთხრათ ბავშვებს „არა“ და როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება».