არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიაბეტი — შეგიძლიათ შეამციროთ რისკი?

დიაბეტი — შეგიძლიათ შეამციროთ რისკი?

შაქრიანი დიაბეტი იმდენად გახშირდა, რომ ის უკვე გლობალურ ეპიდემიად იქცა. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი. I ტიპის დიაბეტი ძირითადად ბავშვობაში ვლინდება და ექიმებმა დღემდე არ იციან, როგორ აიცილონ ის თავიდან. ეს სტატია ეხება II ტიპის დიაბეტს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 90%-ს აქვს.

აქამდე II ტიპის დიაბეტი უმეტესად ზრდასრულ ადამიანთა დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო დროს ის უკვე ბავშვებშიც შეინიშნება. ექსპერტები თვლიან, რომ II ტიპის დიაბეტის რისკის შემცირება შესაძლებელია. მცირე ინფორმაციის მიღება ამ ვერაგი დაავადების შესახებ ძალიან დაგეხმარებათ. *

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღენიშნება. ეს დაავადება აფერხებს სისხლძარღვებში შაქრის გადატანის ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს უჯრედებისთვის ენერგიის მიწოდება. შედეგად, ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, რაც ზოგჯერ იწვევს ფეხის თითის ან ტერფის ამპუტაციას, სიბრმავეს და თირკმელების დაზიანებას. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობა იღუპება გულის შეტევით ან ინსულტით.

II ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჭარბი წონა იყოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუცლისა და წელის არეში დაგროვილი ცხიმი ზრდის დიაბეტით დაავადების რისკს. უფრო კონკრეტულად კი, პანკრეასსა და ღვიძლში დაგროვებული ცხიმი აფერხებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. რისი გაკეთება შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად?

 სამი რჩევა დიაბეტით დაავადების რისკის შესამცირებლად

1. აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე თუკი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ადამიანთა უმრავლესობაში გამოხატულია პრედიაბეტური მდგომარეობა. ამ დროს სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია. ჯანმრთელობისთვის ორივე მდგომარეობა სახიფათოა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია დიაბეტის გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ ის არ იკურნება. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა, ვისაც პრედიაბეტური მდგომარეობა ჰქონდა, შეძლო სისხლში შაქრის დონის ნორმამდე დაყვანა. პრედიაბეტს არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, აქედან გამომდინარე ეს პროცესი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ერთი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 316 მილიონ ადამიანს აღენიშნება პრედიაბეტი, თუმცა ბევრი ვერც კი ხვდება ამას. მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში პრედიაბეტის მქონე ადამიანთა დაახლოებით 90%-მა არც კი იცის, რომ ამ მდგომარეობაშია.

პრედიაბეტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ის II ტიპის დიაბეტის წინაპირობაა, დადგინდა, რომ ის დემენციის (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა) გამომწვევი მიზეზიცაა. თუ ჭარბწონიანი ხართ, ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებით ან სისხლით ნათესავს ჰქონია დიაბეტი, შეიძლება თქვენ უკვე პრედიაბეტი გაქვთ. ამის გარკვევაში სისხლის ანალიზის გაკეთება დაგეხმარებათ.

2. იკვებეთ ჯანსაღად. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები: შეამცირეთ საჭმლის ულუფა. ტკბილი წვენი და გაზიანი სასმელები ჩაანაცვლეთ წყლით, ჩაით ან ყავით. რაფინირებული საკვების ნაცვლად ზომიერად მიირთვით ცეხვილი ხორბლის პური, ბრინჯი და მაკარონი. კვების რაციონში შეიტანეთ მჭლე ხორცი, თევზი, თხილი და მარცვლეული.

3. იყავით ფიზიკურად აქტიური. ვარჯიშით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის შემცირება და ჯანსაღი წონის შენარჩუნება. ერთი ექსპერტი გვირჩევს, რომ დრო, რასაც ტელევიზორის ყურებაში ვხარჯავთ, ვარჯიშს დავუთმოთ.

მართალია, გენებს ვერ შეიცვლით, მაგრამ ცხოვრების სტილის შეცვლა ნამდვილად შეგიძლიათ. ჯანმრთელობის გაუმჯობესება ღირს ძალისხმევად.

^ აბზ. 3 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს რომელიმე კონკრეტულ დიეტას ან ვარჯიშს. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელი მეთოდი აირჩიოს და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.