არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები

როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები

წინა სტატიების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ადამიანი, რაც უფრო მომთმენია, მით უფრო ჯანმრთელია, უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს და კარგი მეგობრებიც ჰყავს. მაშ, როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

დააკვირდით მიზეზებს

დააკვირდით, რას ან ვის გამოჰყავხართ მოთმინებიდან. შეიძლება მოთმინებას თქვენი მეუღლე, მშობლები ან შვილები გაკარგვინებენ. შეიძლება მოთმინების ძაფი მაშინ გიწყდებათ, როცა ვინმეს ელოდებით ან სადმე გაგვიანდებათ. შესაძლოა დაღლილობა, შიმშილი, უძილობა ან სტრესი იყოს ამის მიზეზი. სახლში ყოფნისას უფრო ხშირად გამოდიხართ მწყობრიდან თუ სამსახურში ყოფნისას?

რაში გეხმარებათ მოთმინებიდან გამომყვან მიზეზებზე დაკვირვება? დიდი ხნით ადრე მეფე სოლომონმა დაწერა: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ამ ძველი ბიბლიური იგავის თანახმად, თუ ადამიანი წინასწარ განჭვრეტს, რამ შეიძლება გამოიყვანოს მოთმინებიდან, ადვილად შეძლებს მის თავიდან არიდებას. მართალია, ძალისხმევაა საჭირო, რომ უფრო მომთმენები გავხდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ჩვენი ბუნების ნაწილად იქცევა.

გაიმარტივეთ ცხოვრება

პროფესორი ნორინ ჰარტსფელდი, რომელიც მინესოტას შტატში სენტ-ჯონსის უნივერსიტეტში ინფორმატიკას ასწავლის, აღნიშნავს: „ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე საქმის ერთად კეთება. ტვინი ვერ ახდენს ერთდროულად რამდენიმე საკითხზე კონცენტრირებას. დროთა განმავლობაში ასეთი რეჟიმი აქვეითებს კონცენტრირებისა და ყურადღების უნარს და თანდათანობით ადამიანი კარგავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: მოთმინება, შეუპოვრობა, საღი აზროვნება და პრობლემების მოგვარების უნარი“.

როცა უამრავ საქმეს ხარ შეჭიდებული, ძალიან ბევრ ადგილას გიწევს სიარული და ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს კონტაქტი, სტრესი მატულობს და შესაბამისად, მოთმინების გამომუშავებაც ძნელია. წინა სტატიაში მოხსენიებული ჯენიფერ ჰარსტეინი აღნიშნავს: „მოუთმენლობას ძირითადად სტრესი იწვევს“.

ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს: „შეჩერდი და შეიგრძენი ვარდის სურნელი“. სხვა სიტყვებით: დრო გამოყავი იმისთვის, რომ ისიამოვნო ცხოვრებით. უმჯობესია, დრო რამდენიმე ადამიანთან მყარი მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად გამოიყენოთ, ვიდრე ყოველ მეორესთან ცდილობდეთ დამეგობრებას. დააზუსტეთ, რამდენი დრო გჭირდებათ ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად და პრიორიტეტები გონივრულად დაადგინეთ. მოერიდეთ ჰობის ისეთ სახეობებს, რომლებიც უბრალოდ დროის წამრთმევია. დრო შეიძლება წაგართვათ თანამედროვე ტექნოლოგიებმაც.

იმისათვის, რომ გაიმარტივოთ ცხოვრება, გადახედეთ თქვენი დღის რეჟიმს. რა შეგიძლიათ შეამციროთ ან ამოიღოთ დღის განრიგიდან? ბიბლიური იგავი ამბობს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . .  [არის] შენახვის დრო და გადაყრის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 6). იქნებ ახლაა იმის დრო, თავი დაანებოთ ისეთი საქმეების კეთებას, რომლებსაც ძალიან დიდი დრო მიაქვს და თქვენს მოთმინებაც სცდის.

იყავით რეალისტი

ცხოვრებას რეალურად შეხედეთ. უპირველესად, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ დრო თავისი რიტმით მიდის და თქვენ მას ვერ დააჩქარებთ. ასე იწყება მოთმინებაზე მუშაობა.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ სიტუაციებს ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს. კაცმა არ იცის თავისი დრო“ (ეკლესიასტე 9:11, 12).

როდესაც სიტუაციას ვეღარ აკონტროლებთ, ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, გამოსავალზე იფიქრეთ. მაგალითად, თუ ტრანსპორტი იგვიანებს, იმის მაგივრად, რომ გაბრაზდეთ, უმჯობესია სხვა საშუალება მოძებნოთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ბოლოს და ბოლოს მოუთმენლობას და განრისხებას ჯობია, ფეხით წახვიდეთ. თუ სხვა გზა არ არის და მაინც ლოდინი გიწევთ, რამეთი დაკავდით, მაგალითად საქმეები დაგეგმეთ ან რაიმე საინტერესო წაიკითხეთ.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისეთ საკითხებზე წუხილს, რასაც ვერ შეცვლით, კარგი არაფერი მოაქვს. ერთხელ იესომაც იკითხა: „რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?“ (ლუკა 12:25).

დაუახლოვდით ღმერთს

მრავალმა ბიბლიური პრინციპების გამოყენებით შეძლო მოთმინების გამომუშავება. ბიბლიის თანახმად, სულიერად მოწიფული ადამიანი უფრო ადვილად ავლენს მოთმინებას სხვა მრავალ ისეთ მნიშვნელოვან თვისებასთან ერთად, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა და თავშეკავება (გალატელები 5:22, 23). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7). ასე რომ, იკითხეთ ბიბლია და ისწავლეთ, როგორ გახდეთ უფრო მომთმენები.