არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილები

ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილები

ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილები

დედა სიყვარულით დასცქერის თავის მკლავებში განაბულ ახალშობილს. სახეგაბრწყინებული მამა ბედნიერია, რომ პატარა ჯანმრთელი დაიბადა. მსგავსი ბედნიერი წუთები ყოველ წელს მილიონობით ოჯახში მეორდება და ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. იმალება ამ ერთი შეხედვით ბუნებრივი პროცესის მიღმა რაიმე საშიშროება?

თუმცა ბავშვის დაბადებას ჩვეულებრივ გართულებები არ სდევს, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მომავალი მშობლები გონივრულად იქცევიან, როცა შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭირო ზომებს იღებენ. მაგალითად, ისინი წინასწარ იკვლევენ, რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი მშობიარობის დროს, ცდილობენ, გამოცდილი ექიმებისგან მიიღონ კონსულტაციები და მშობიარობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესამცირებლად გარკვეულ ზომებს მიმართავენ. განვიხილოთ ეს საკითხები დეტალურად.

მშობიარობასთან დაკავშირებული სირთულეები

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დედებს მშობიარობის დროს პრობლემები ექმნებათ, ის არის, რომ ფეხმძიმობის პერიოდში სათანადოდ არ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჰონკონგში არსებული უელსის პრინცის სახელობის საავადმყოფოს პედიატრიის განყოფილების კონსულტანტი დოქტორი ჩუნგ კამ-ლაუ ამბობს: „ქალები დიდ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს, როცა ფეხმძიმობის პერიოდში სათანადო სამედიცინო შემოწმებებს არ გადიან“. ის დასძენს: „ასეთი დედების უმეტესობა ელის, რომ ჯანმრთელი და ფუმფულა ბავშვები ეყოლებათ, მაგრამ მათი იმედები ყოველთვის არ მართლდება“.

იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც შეიძლება დედებზე გავლენა მოახდინოს, ამერიკაში გამომავალ ერთ სამედიცინო ჟურნალში ნათქვამია, რომ „მშობიარობის დროს ქალების სიკვდილიანობას ძირითადად იწვევს“ დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, გართულებული მშობიარობა, ინფექცია და ძალიან მაღალი არტერიული წნევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალებები, უმეტეს შემთხვევაში „მკურნალობის თანამედროვე მეთოდები არ მოითხოვს რთულ სამედიცინო ჩარევას“, — ნათქვამია ჟურნალში ( Journal of the American Medical Women’s Association).

მარტივი ზომების მიღება მხოლოდ დედებს კი არა, ბავშვებსაც დაეხმარება. „გაეროს ქრონიკა“ აცხადებს, რომ „ახალშობილთა ორი მესამედის სიკვდილის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი, თუ დედები და ახალშობილები“ მიიღებდნენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც „საკმაოდ გავრცელებულია, ხელმისაწვდომია და არ საჭიროებს რთულ ტექნოლოგიებს“. ფილიპინების ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ ბევრი დედა ამ საკითხში ნაკლებად არის გათვითცნობიერებული და საჭიროდ არ თვლის, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რაც ძალიან სამწუხაროა.

აუცილებელი სამედიცინო შემოწმება

„ჯანმრთელ დედებს ჯანმრთელი შვილები ჰყავთ“, — ნათქვამია „გაეროს ქრონიკაში“. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ თუ ქალი სათანადოდ ან საერთოდ არ გადის სამედიცინო შემოწმებას ფეხმძიმობის განმავლობაში, მშობიარობისას თუ შემდგომ პერიოდში, ეს ბავშვის ჯანმრთელობაზეც აისახება.

ზოგ ქვეყანაში კვალიფიციური შემოწმების გავლა შეიძლება გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. სირთულეს შესაძლოა ქმნიდეს მგზავრობა ან სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა. და მაინც, მომავალმა დედამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რამდენიმე შემოწმება მაინც გაიაროს. იმ ქალებისთვის, რომლებიც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრობენ, ეს რჩევა განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლე წმინდაა (გამოსვლა 21:22, 23; კანონი 22:8). *

მაგრამ გულისხმობს სათანადო ზრუნვა იმას, რომ ფეხმძიმემ ყოველკვირა იაროს ექიმთან? რა თქმა უნდა, არა. ორსულობისა და მშობიარობის დროს წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქალებს, რომლებიც ფეხმძიმობის პერიოდში მხოლოდ ოთხჯერ მივიდნენ ექიმთან, ისეთივე შედეგები ჰქონდათ, როგორიც მათ, ვინც 12-ჯერ ან მეტჯერ მიაკითხა ექიმს“.

რისი გაკეთება შეუძლიათ ექიმებს?

მშობიარობამ რომ გართულებების გარეშე ჩაიაროს, მედ-პერსონალმა, განსაკუთრებით კი გინეკოლოგებმა და მეანებმა, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინონ:

▪ უნდა შეისწავლონ პაციენტის ისტორია, განსაზღვრონ შესაძლო გართულებები და მათი თავიდან ასარიდებლად წინასწარი ზომები მიიღონ.

▪ პაციენტისგან უნდა აიღონ სისხლისა და შარდის ანალიზი იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას ანემია, ინფექცია, რეზუს-შეუთავსებლობა, ვენერული დაავადებები, დიაბეტი, წითელა ან თირკმლის უკმარისობა, რამაც შეიძლება არტერიული წნევა გაზარდოს.

▪ თუ მიზანშეწონილია, პაციენტს შეიძლება ურჩიონ, რომ ჩაიტაროს აცრები გრიპზე, ტეტანუსზე და რეზუს-შეუთავსებლობაზე.

▪ აგრეთვე შესაძლოა დაუნიშნონ საკვები დანამატები ვიტამინების სახით, განსაკუთრებით ფოლიუმმჟავის შემცველობით.

თუ ექიმები წინასწარ განსაზღვრავენ ყველა შესაძლო გართულებას და საჭირო ზომებს მიიღებენ ან სათანადო კონსულტაციას გაუწევენ პაციენტს, ამით მინიმუმამდე დაიყვანენ მშობიარობასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს.

რისკ-ფაქტორების შემცირება

„ორსული ქალებისთვის ყველაზე სახიფათოა მშობიარობა და მისი შემდგომი პერიოდი“, — ამბობს ჯოი პუმაპი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი განყოფილების გენერალური დირექტორის ყოფილი ასისტენტი. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ასეთ კრიტიკულ დროს მშობლის ან შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს? მშობლებმა წინასწარ გარკვეული ზომები უნდა მიიღონ, რაც არცთუ ისე რთულია. * ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ბიბლიის საფუძველზე უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე ან სურს, რომ თავიდან აირიდოს სისხლის გადასხმით გამოწვეული შესაძლო გართულებები (საქმეები 15:20, 28, 29).

პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ექიმსა და ბებიაქალს უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით სათანადო გამოცდილება აქვთ. გონიერი მშობლები წინასწარ შეამოწმებენ, მზად არის თუ არა სამშობიაროს მედპერსონალი ამ საკითხში მათთან თანამშრომლობისთვის. * მშობლებს შეუძლიათ შემდეგი ორი კითხვა დაუსვან ექიმს: 1) რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ დედა ან ბავშვი დიდი რაოდენობით სისხლს დაკარგავს ან სხვა გართულებები იჩენს თავს? 2) თუ თქვენი არყოფნის პერიოდში პაციენტს მშობიარობა დაეწყება, მოეკიდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას პატივისცემით?

გონივრულია, რომ ქალმა მშობიარობის წინ სისხლის ანალიზი ჩააბაროს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი ნორმაშია. თუ პაციენტს სისხლის მოცულობის გაზრდა ესაჭიროება, ექიმი მას დაუნიშნავს ფოლიუმმჟავასა და B-ჯგუფის სხვა ვიტამინებს, ასევე რკინის დანამატებს.

ექიმი აგრეთვე მხედველობაში მიიღებს სხვა ფაქტორებს. მაგალითად, წინასწარი გასინჯვისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები ხომ არ გამოვლინდა? წოლითი რეჟიმი ხომ არ უნდა დაენიშნოს პაციენტს? მეტი დასვენება ხომ არ სჭირდება მას? ხომ არ არის საჭირო წონაში მომატება ან დაკლება, ან უფრო მეტი ვარჯიში? მეტი ყურადღება ხომ არ უნდა მიექცეს სხეულის, განსაკუთრებით პირის ღრუს ჰიგიენას?

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ღრძილების დაავადება ფეხმძიმე ქალებში ზრდის პრეეკლამფსიის რისკს, სერიოზულ გართულებას, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის სწრაფი მატება, ძლიერი თავის ტკივილი და შეშუპება. * პრეეკლამფსია აგრეთვე იწვევს ნაადრევ მშობიარობას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნაყოფის ან დედის სიკვდილი. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია განვითარებად ქვეყნებში.

მზრუნველი ექიმი ყურადღებით მოეკიდება ინფექციის ნებისმიერ ნიშანს, რომელიც შეიძლება მომავალ დედას ჰქონდეს. თუ პაციენტს ნაადრევი სამშობიარო ტკივილები დაეწყება, ექიმი ურჩევს მას, რომ სასწრაფოდ დაწვეს საავადმყოფოში. ამან შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნოს როგორც დედას, ისე ბავშვს.

„ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად ქალები საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწორზე“, — ამბობს დოქტორი კასი მონირულ ისლამი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ განყოფილების დირექტორი, რომელიც ორსულ ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მაგრამ ფეხმძიმობის, მშობიარობისა და მის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობაზე სათანადოდ ზრუნვა ქალს თავიდან აარიდებს მრავალ გართულებას, მათ შორის სიკვდილსაც კი. ასე რომ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ გსურთ, ჯანმრთელი ბავშვი გყავდეთ, ყველანაირად ეცადეთ, თავად იყოთ ჯანმრთელი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 დედნისეული ებრაული ტექსტი მიუთითებს დედის ან არშობილი ბავშვის შემთხვევით სიკვდილზე.

^ აბზ. 21 იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარს ბავშვის დაბადებამდე კონსულტაციისთვის შეუძლია მიმართოს ადგილობრივ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტს (საურკო), რომელიც იეჰოვას მოწმეებისთვის არის შექმნილი. ამ კომიტეტის წევრები საავადმყოფოებსა და ექიმებს აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უმკურნალონ უსისხლოდ იეჰოვას მოწმე პაციენტებს. გარდა ამისა, საურკოს წევრები ეხმარებიან იეჰოვას მოწმეებს ისეთი ექიმის პოვნაში, რომელიც პატივს სცემს პაციენტის მრწამსს და აქვს უსისხლოდ მკურნალობის გამოცდილება.

^ აბზ. 24 საჭიროა გამოკვლევების ჩატარება იმის დასადგენად, ზრდის თუ არა ღრძილების დაავადება პრეეკლამფსიის რისკს, თუმცა ყოველთვის გონივრულია, რომ ორსულმა ქალმა კარგად მოუაროს ღრძილებსა და კბილებს.

[ჩანართი 27 გვერდზე]

2007 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფეხმძიმობით გამოწვეული გართულებების გამო თითქმის ყოველ წუთში ერთი ქალი კვდება. მათი რიცხვი ყოველ წელს 536 000 შეადგენს (გაეროს მოსახლეობის ფონდი).

[ჩანართი 28 გვერდზე]

„ყოველ წელს 3,3 მილიონი ახალშობილი მკვდარი იბადება. 4 მილიონზე მეტი ახალშობილი კი დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში კვდება („გაეროს ქრონიკა“).

[ჩარჩო 29 გვერდზე]

 რჩევები ფეხმძიმე ქალებისთვის

1. წინასწარ შეარჩიეთ სამშობიარო, ექიმი და ბებიაქალი.

2. რეგულარულად მიაკითხეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს და მასთან მეგობრული ურთიერთობა განავითარეთ.

3. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია მიიღეთ ფეხმძიმე ქალებისთვის რეკომენდებული ვიტამინები. ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ წამლებს. კარგი იქნება, თუ არ დალევთ ალკოჰოლურ სასმელებს. „ის ბავშვები, რომელთა დედებიც ფეხმძიმობის დროს ბევრ ალკოჰოლურ სასმელს სვამენ, დიდი საშიშროების წინაშე დგანან. თუმცა, არ არსებობს დადგენილი ნორმა, რამდენის დალევა იქნებოდა უვნებელი ნაყოფისთვის“, — ნათქვამია ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშში.

4. თუ დაგეწყოთ ნაადრევი მშობიარობის ტკივილები (ორსულობის 37-ე კვირამდე), დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამშობიაროს. სწრაფი რეაგირება თავიდან აგარიდებთ ნაადრევ მშობიარობასა და შემდგომ გართულებებს. *

5. მკურნალობასთან დაკავშირებით შენი გადაწყვეტილების შესახებ გარკვევით მიუთითე სამედიცინო მინდობილობაში. ბევრს ძალიან დაეხმარა ამ დოკუმენტის წინასწარ შევსება. აგრეთვე დაადგინე, მკურნალობის რა მეთოდებს იყენებენ თქვენს ქვეყანაში.

6. მშობიარობის შემდეგ სათანადოდ იზრუნე როგორც შენს, ისე პატარის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თუ ბავშვი დღენაკლული დაიბადა. თუ რაიმე პრობლემა იჩენს თავს, დაუყოვნებლივ აცნობე პედიატრს.

[სქოლიო]

^ აბზ. 41 ჩვეულებრივ, სისხლს უსხამენ ანემიით დაავადებულ დღენაკლულ ბავშვებს, რომელთა ორგანიზმიც ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის წითელ უჯრედებს.