არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

არაებრაელების დამცირების მიზნით მოიხსენია იესომ „ფინიები“?

ბავშვი ლეკვით ხელში (ბერძნული ან რომაული სტატუეტი, ძვ. წ. I — ახ. წ. II სს.)

ერთხელ, როდესაც იესო ისრაელის საზღვრებს მიღმა, სირიაში, რომის ერთ-ერთ პროვინციაში იმყოფებოდა, ერთმა ბერძენმა ქალმა დახმარება სთხოვა. პასუხად იესომ მოიყვანა მაგალითი, რომელშიც არაებრაელები ფინიებს შეადარა. მოსეს კანონის თანახმად, ძაღლები უწმინდურ ცხოველებად ითვლებოდნენ (ლევიანები 11:27). ამით იესოს ბერძენი ქალის ან სხვა არაებრაელების დამცირება ხომ არ უნდოდა?

ნამდვილად არა. როგორც იესოს მიერ მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან გამოჩნდა, მისი უმთავრესი მიზანი იმ დროს ებრაელების დახმარება იყო. ბერძენი ქალისთვის ეს რომ აეხსნა, იესომ ასეთი მაგალითი მოუყვანა: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“ (მათე 15:21—26; მარკოზი 7:26). ბევრი ბერძნისა და რომაელისთვის ძაღლი საყვარელი შინაური ცხოველი იყო. ხშირად ისინი სახლში ჰყავდათ და ბავშვებს მათთან თამაში უყვარდათ. სიტყვა „ფინიები“ შესაძლოა სასიამოვნო ასოციაციას იწვევდა მათში. ამიტომაც ეს ბერძენი ქალი ადვილად მიუხვდა იესოს ნათქვამს. მან დასძინა: „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“. იესომ შეაქო ეს ქალი ასეთი ძლიერი რწმენისთვის და მისი ქალიშვილი განკურნა (მათე 15:27, 28).

გონივრული იყო პავლე მოციქულის მიერ მეზღვაურებისთვის მიცემული რჩევა, რომ არ გაეგრძელებინათ მგზავრობა?

დიდი სატვირთო ხომალდის რელიეფური გამოსახულება (ახ. წ. I საუკუნე)

გემს, რომლითაც პავლე იტალიაში მიჰყავდათ, ძლიერი პირქარის გამო ცურვა უჭირდა. ამიტომ მოციქულმა ურჩია მეზღვაურებს, რომ მგზავრობა გადაედოთ და გემი დროებით ნავსადგურში გაეჩერებინათ (საქმეები 27:9—12). ჰქონდა მას ამის თქმის საფუძველი?

ძველ დროში მეზღვაურებმა კარგად იცოდნენ, რომ ზამთრის თვეებში ხმელთაშუა ზღვაში ნავიგაცია სახიფათო იყო. ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე ზღვაში გემების მიმოსვლა ჩერდებოდა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პავლეს მგზავრობა სექტემბერ-ოქტომბერში მოუწია. თავის ნაშრომში რომაელმა მწერალმა, ვეგეციუსმა (ახ. წ. IV საუკუნე), ხმელთაშუა ზღვაში ნაოსნობის თაობაზე დაწერა: „ზოგიერთი თვე ნაოსნობისთვის ხელსაყრელი დროა, ზოგ თვეს ამინდის ცვალებადობის გამო ნაოსნობა შეიძლება გაჭირდეს, დანარჩენ თვეებში კი ზღვაში გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია“ (Epitome of Military Science). ვეგეციუსმა აღნიშნა, რომ 27 მაისიდან 14 სექტემბრამდე ცურვა უსაფრთხო იყო, ხოლო 15 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე და 11 მარტიდან 26 მაისამდე — სარისკო. უეჭველია, პავლესთვის ეს ფაქტები კარგად იყო ცნობილი, რადგან ხშირად უწევდა მგზავრობა. მართალია, ეს მესაჭემ და გემის მფლობელმაც კარგად იცოდნენ, მაგრამ პავლეს რჩევა არ გაითვალისწინეს. შედეგად მათი გემი დაიმსხვრა (საქმეები 27:13—44).