არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლურსმულად ნაწერ ამ თიხის ფირფიტაზე მოხსენიებულია სახელი „თათანუ“, იგივე თათენაი

კიდევ ერთი მტკიცებულება

კიდევ ერთი მტკიცებულება

ბიბლიის უტყუარობას არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა ამტკიცებს. 2014 წლის ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ დაიბეჭდა სტატია, სადაც ასეთი კითხვა იყო დასმული: „ებრაულ წერილებში მოხსენიებული რამდენი ადამიანის არსებობა დასტურდება არქეოლოგიურად?“. იქვე იყო გაცემული პასუხიც: „სულ მცირე 50-ის“. ერთ-ერთი, ვისი სახელიც ამ ჩამონათვალში არ იყო მოხსენიებული, თათენაია. ვინ იყო თათენაი? მოდი, გავიგოთ, რას ამბობს მასზე ბიბლია.

ერთ დროს იერუსალიმი სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ეს ქალაქი მდებარეობდა მდინარე ევფრატის დასავლეთით და მიეკუთვნებოდა ტერიტორიას, რომელსაც სპარსელები მოიხსენიებდნენ როგორც რეგიონს მდინარის გადაღმა. ბაბილონის დაპყრობის შემდეგ სპარსელებმა გაათავისუფლეს იუდეველი ტყვეები და უფლება მისცეს, იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი აღედგინათ (ეზრა 1:1—4). იუდეველების მტრები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ტაძრის აღდგენისთვის. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამ მშენებლობის წამოწყებით იუდეველები სპარსეთის სამეფოს აუჯანყდნენ (ეზრა 4:4—16). დარიოს I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 522—486) ამ საქმის გამოსაძიებლად იერუსალიმში ჩავიდა სპარსეთის სამთავროს გამგებელი თათენაი, რომელსაც ბიბლია „მდინარისგაღმელ გამგებელს“ უწოდებს (ეზრა 5:3—7).

თათენაი მოხსენიებულია ლურსმულად ნაწერ რამდენიმე თიხის ფირფიტაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ოჯახის არქივს წარმოადგენს. ერთ-ერთი ფირფიტა ერთგვარი თამასუქია, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 502 წლით, რაც დარიოს I-ის მეფობის მეოცე წელს ემთხვევა. ამ უძველესი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ზემოხსენებული ოჯახის ერთი წევრი იყო ამ საქმიანი გარიგების მოწმე და, ამავდროულად, „მდინარისგაღმელი თათანუს“, ანუ ბიბლიის წიგნ „ეზრაში“ მოხსენიებული თათენაის, მსახური.

ძვ. წ. 535 წელს კიროს დიდმა სამეფო პროვინციებად დაყო. ერთ-ერთი პროვინციის სახელწოდება იყო „ბაბილონი და რეგიონი მდინარის გაღმა“. მოგვიანებით ეს პროვინცია ორ ნაწილად გაიყო, რომელთაგან ერთ-ერთს „რეგიონი მდინარის გაღმა“ ეწოდა. მასში შედიოდა კელე-სირია, ფინიკია, სამარია და იუდა, რომლებსაც დაახლოებით ძვ. წ. 520—502 წლებში თათენაი, სავარაუდოდ, დამასკოდან განაგებდა.

იერუსალიმში ჩასულმა თათენაიმ ზემოხსენებული საქმის გამოძიების შემდეგ მეფე დარიოსს მისწერა, რომ იუდეველებს, მათივე მტკიცებით, იეჰოვას ტაძრის აღდგენის ნებართვა მეფე კიროსისგან ჰქონდათ მიღებული. სამეფო არქივში მოძიებულმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ იუდეველები არ ცრუობდნენ (ეზრა 5:6, 7, 11—13; 6:1—3). ამიტომ მეფემ უბრძანა თათენაის, ხელი არ შეეშალა მშენებლობისთვის, რასაც ის უყოყმანოდ დაემორჩილა (ეზრა 6:6, 7, 13).

მართალია, „მდინარისგაღმელი გამგებელი თათენაი“ მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურას არ წარმოადგენს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბიბლია მას მოიხსენიებს და თანაც ზუსტად ისე, როგორც ისტორიულ წყაროებშია. აშკარაა, არქეოლოგიური აღმოჩენები კვლავ და კვლავ ადასტურებს, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტია.