არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?

მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?

მეცნიერება

ბიბლია არ არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, თუმცა ის, რაც მასში წერია, წინ უსწრებს დროს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?

წამყვანი მეცნიერები ერთ დროს დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამყაროს არ ჰქონდა დასაწყისი, მაგრამ ახლა ისინი ერთხმად ამტკიცებენ საპირისპიროს. ბიბლიაში ეს აზრი საუკუნეებით ადრე ეწერა, თანაც არაორაზროვნად (დაბადება 1:1).

რა ფორმისაა დედამიწა?

ძველად ბევრს ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ბერძენმა მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დედამიწა შესაძლოა მრგვალი ყოფილიყო. თუმცა გაცილებით ადრე, ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, ბიბლიის დამწერმა ესაიამ მოიხსენია „დედამიწის წრე“, რაც შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „სფერო“ (ესაია 40:22).

სახეცვალებადია ციური სხეულები?

ძვ. წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი მეცნიერის, არისტოტელეს მტკიცებით, მხოლოდ დედამიწას შეიძლებოდა თავდაპირველი სახე შეეცვალა, ხოლო ციური სხეულები მარადიულად უცვლელი დარჩენილიყო. ეს შეხედულება საუკუნეების მანძილზე იყო დამკვიდრებული. მაგრამ მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს „ენტროპიის ცნება“, რომლის თანახმადაც, მატერია, იქნება ეს ცაში თუ დედამიწაზე, გადაგვარებისკენაა მიდრეკილი. ერთმა მეცნიერმა, ლორდ კელვინმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ თეორიის შემუშავებაში, აღმოაჩინა, რომ ბიბლიაში ცისა და დედამიწის შესახებ ასეთი რამ ეწერა: „ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი“ (ფსალმუნი 102:25, 26). კელვინს სჯეროდა, რომ ღმერთს შეეძლო, არ დაეშვა ეს, რათა თავისი ქმნილებები განადგურებისგან დაეცვა, როგორც ამას ბიბლია ასწავლის (ეკლესიასტე 1:4).

რას უჭირავს პლანეტები, მათ შორის დედამიწა?

არისტოტელე ასწავლიდა, რომ ციური სხეულები ერთმანეთში მოთავსებულ გამჭვირვალე სფეროებში იყო განლაგებული; შუაგულში, ყველაზე შიდა სფეროში, დედამიწა იყო. ახ. წ. მე-18 საუკუნეში მეცნიერები თანდათანობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვარსკვლავები და პლანეტები ცარიელ სივრცეში ეკიდა. თუმცა ძვ. წ. მე-15 საუკუნეში დაწერილ ბიბლიის წიგნ „იობში“ უკვე ეწერა, რომ შემოქმედმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7).

მედიცინა

ბიბლია არ არის სამედიცინო სახელმძღვანელო, მაგრამ მასში ჩაწერილია ისეთი პრინციპები, რომლებიც მედიცინის სიღრმისეულ ცოდნაზე მოწმობს.

კარანტინი

მოსეს კანონის თანახმად, კეთროვნები სხვებისგან უნდა გამოეცალკევებინათ. ექიმებმა ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც შუა საუკუნეში არაერთმა ეპიდემიამ იფეთქა. ეს მეთოდი დღესაც ეფექტურად მიიჩნევა (ლევიანების 13, 14 თავები).

მკვდართან შეხების შემდეგ სხეულის დაბანა

მე-19 საუკუნის მიწურულამდე ექიმები ხშირად გვამთან მუშაობის შემდეგ პაციენტს ეხებოდნენ ისე, რომ შუალედში ხელს არ იბანდნენ. შედეგად, ბევრი კვდებოდა. მოსეს კანონში კი ნათქვამი იყო, რომ ვინც მკვდარს შეეხებოდა, რიტუალურად უწმინდური იქნებოდა. კანონში ისიც ეწერა, რომ ასეთ შემთხვევაში წყლით უნდა განწმენდილიყვნენ. უეჭველია, რომ ამ რელიგიური რიტუალის შესრულება კარგ ჯანმრთელობასაც უწყობდა ხელს (რიცხვები 19:11, 19).

ფეკალიების მოშორება

ყოველ წელს ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი დიარეით იღუპება. ძირითადად, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფეკალიების მოსაშორებლად სათანადო ზომები არ მიიღება. მოსეს კანონის თანახმად, ექსკრემენტები მიწაში უნდა ჩაეფლოთ საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით (კანონი 23:13).

წინადაცვეთის დრო

ღვთის კანონის მიხედვით, ახალშობილი ბიჭი მერვე დღეს უნდა წინადაეცვითათ (ლევიანები 12:3). ახალშობილებში სისხლის შედედების მაჩვენებელი ნორმალურ დონეს დაბადებიდან ერთ კვირაში აღწევს. ბიბლიურ დროში, გაცილებით ადრე, სანამ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს შემოიღებდნენ, ამ მითითების მიყოლა ახალდაბადებულს გართულებებისგან იცავდა.

ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის არსებული მჭიდრო კავშირი

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიხარულის განცდა, იმედის ქონა, მადლიერების გრძნობა, პატიების სურვილი თუ სხვა მსგავსი ემოცია ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ბიბლიაში ნათქვამია: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).