არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰულდამ მიაღწია დასახულ მიზანს

ჰულდამ მიაღწია დასახულ მიზანს

ᲘᲜᲓᲝᲜᲔᲖᲘᲐᲨᲘ კუნძულ სანგირ-ბესარზე ჩვენი სამი და ცხოვრობს. კუნძულზე მათ ყველა კარგად იცნობს, რადგან აქტიურად არიან ჩაბმული მსახურებაში და ხალხს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარებიან. თუმცა რამდენიმე წლის წინ ამ კუნძულზე რომ ჩასულიყავით, მათ სხვა საქმით დაკავებულსაც ნახავდით.

სანგირ-ბესარის კუნძული (ჩრდილოეთი ინდონეზია)

იმ დროს ისინი სანაპიროზე ქვებს აგროვებდნენ. თავიდან წყალში შედიოდნენ, რომ დიდი ქვები ნაპირზე გამოეტანათ. ზოგი ქვა ფეხბურთის ბურთისოდენაც კი იყო. ამის შემდეგ ეს დები ხის პატარა სკამზე სხდებოდნენ, ჩაქუჩით ქვებს ქათმის კვერცხის ზომაზე ამტვრევდნენ, პლასტმასის ვედროებში ყრიდნენ და მძიმე ტვირთით სახლისკენ მიმავალ გზას ადგებოდნენ. სახლამდე რომ მისულიყვნენ, მათ კიბის ავლაც უწევდათ. ბოლოს ქვებს ტომრებში ყრიდნენ, რის შემდეგაც ისინი სატვირთო მანქანებს მიჰქონდათ გზის დასაგებად.

ჰულდა სანაპიროზე ქვებს აგროვებს

ამ სამი დიდან ერთ-ერთი ჰულდა იყო. გამომუშავებული ფულით ის, ჩვეულებრივ, ოჯახს არჩენდა. თუმცა იმ პერიოდში ის შედარებით მეტს მუშაობდა, რადგან სურდა, ერთი მიზნისთვის მიეღწია. რა მიზანი ჰქონდა დასახული? ჰულდას უნდოდა, პლანშეტი შეეძინა და JW ბიბლიოთეკა ჩამოეტვირთა. მას ესმოდა, რომ ამ აპლიკაციაში ერთად თავმოყრილი ზღვა მასალა — პუბლიკაციები თუ ვიდეოები — დიდ დახმარებას გაუწევდა როგორც პირადი შესწავლის, ისე ქადაგების დროს.

ამ მიზნის მისაღწევად ჰულდა თვე-ნახევრის განმავლობაში ყოველ დილით დამატებით 2 საათს მუშაობდა. ამ დროში მან იმდენი ქვა დატეხა, რამდენიც პატარა სატვირთოს გასავსებად იყო საჭირო. საბოლოოდ ჰულდამ მოახერხა პლანშეტის საყიდლად საჭირო თანხის შეგროვება.

ჰულდა პლანშეტით ხელში

ჰულდა გვიყვება: „მართალია, ეს საქმე ძალიან მძიმე და დამქანცველი იყო და მუშაობის მერე მთელი სხეული მტკიოდა ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ყველანაირი ტკივილი დამავიწყა იმ სიხარულმა, რაც მსახურებაში თუ კრების შეხვედრებისთვის მომზადების დროს პლანშეტის გამოყენებამ მომანიჭა“. პლანშეტი ჰულდას პანდემიის დროსაც გამოადგა, რომ კრების შეხვედრებს დასწრებოდა და აქტიურად ჩაბმულიყო მსახურებაში. ძალიან გვიხარია, რომ ამ დამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა.