არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი გრაგნილი „გაშლილია“

უძველესი გრაგნილი „გაშლილია“

1970 წელს ენ-გედიში აღმოჩენილი გრაგნილის წაკითხვა შეუძლებელი იყო, ვიდრე ის სამგანზომილებიანი სკანერის მეშვეობით არ „გაშალეს“. გრაგნილზე მოცემულია წიგნ „ლევიანების“ გარკვეული ნაწილი და მოხსენიებულია ღვთის სახელი.

1970 წელს არქეოლოგებმა მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს ენ-გედიში (ისრაელი) აღმოაჩინეს გრაგნილი, რომელიც თითქმის ბოლომდე იყო დამწვარი. ეს ხელნაწერი არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ სოფლის სინაგოგაში იპოვეს. ეს სინაგოგა დაახლოებით ახ. წ. VI საუკუნეში გადაწვეს და სოფელი მიწასთან გაასწორეს. გრაგნილი იმდენად იყო დამწვარი, რომ მისი გაშლა და წაკითხვა შეუძლებელი იყო. თუმცა თანამედროვე სამგანზომილებიანი სკანერის დახმარებით მოხერხდა გრაგნილის „გაშლა“, ხოლო გრაფიკული პროგრამის გამოყენებით მისი წაკითხვა.

სკანირების შედეგად გამოვლინდა, რომ გრაგნილზე ბიბლიური ტექსტი ეწერა. კერძოდ, წიგნ „ლევიანების“ დასაწყისიდან რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებიც შეიცავდა ტეტრაგრამატონს — ღვთის სახელის აღმნიშვნელ ოთხ ებრაულ ასოს. ხელნაწერი თარიღდება დაახლოებით ახ. წ. 50 წლიდან ახ. წ. 400 წლამდე პერიოდით. ეს არის ებრაული წერილების ყველაზე ძველი გრაგნილი, რომელიც მკვდარი ზღვის (კუმრანი) ხელნაწერების შემდეგ აღმოაჩინეს. გილ ზოხარმა ერთ-ერთ ონლაინგაზეთში (The Jerusalem Post) დაწერა, რომ, სანამ ენ-გედიში აღმოჩენილი „ლევიანების“ ფრაგმენტის გაშიფვრას შეძლებდნენ, უძველეს მკვდარი ზღვის ხელნაწერებსა (დაახლ. ძვ. წ. 100 წელი) და მეორე უძველეს ხელნაწერ ალეპოს კოდექსს შორის (დაახლ. ახ. წ. 930 წელი) ათასწლიანი შუალედი არსებობდა. ექსპერტების განცხადებით, უძველესი გრაგნილის „გაშლამ“ დაადასტურა, რომ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში თორას ტექსტი არ შეცვლილა და გადამწერების მიერ დაშვებულ შეცდომებს ტექსტზე გავლენა არ მოუხდენია.