არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ადასტურებს ბიბლიის სანდოობას ძველ ბაბილონში ნაპოვნი აგურები და მათი დამზადების მეთოდი?

ᲐᲠᲥᲔᲝᲚᲝᲒᲔᲑᲛᲐ ძველი ბაბილონის ნანგრევებში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით გამომწვარი აგური, რომლებიც ქალაქის ასაშენებლად იყო გამოყენებული. ერთმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევეიმ, აღნიშნა, რომ ასეთ აგურებს ქალაქგარეთ ამზადებდნენ ღუმლებში, რადგან იქ კარგი ხარისხის თიხა იშოვებოდა და საწვავი მასალაც ბევრი იყო.

უძველესი წყაროებიდან ჩანს, რომ ღუმლებს სხვა მიზნითაც იყენებდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტის ასირიოლოგიის პროფესორი, პოლ-ალან ბოლიო, აღნიშნავს: „არაერთი ბაბილონური წყაროდან ვიგებთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ურჩობასა და სიწმინდეების შებღალვაში, მეფის ბრძანებით ცეცხლში წვავდნენ“. მეფე ნაბუქოდონოსორის დროინდელ ერთ-ერთ ჩანაწერში ნათქვამია: „გაანადგურეთ, ცეცხლში ჩაყარეთ, დაწვით, . . ღუმელში შეყარეთ . . . ისე გაახურეთ ღუმელი, რომ კვამლის სვეტი ცაში აიჭრას!“.

ეს სიტყვები ბიბლიის მკითხველთ დანიელის მე-3 თავში ჩაწერილს მოაგონებს. ამ ისტორიული მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მეფე ნაბუქოდონოსორმა ქალაქ ბაბილონის სიახლოვეს, დურას ველზე, უზარმაზარი ოქროს ქანდაკება აღმართა. მაგრამ, როცა სამმა ახალგაზრდა ებრაელმა — შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ — უარი განაცხადეს ამ ქანდაკების წინაშე დამხობაზე, ნაბუქოდონოსორი განრისხდა და ბრძანა, რომ ისინი შვიდმაგად გახურებულ ღუმელში ჩაეყარათ. თუმცა ღვთისგან გამოგზავნილმა ანგელოზმა ეს ახალგაზრდები სიკვდილისგან იხსნა (დან. 3:1—6, 19—28).

© The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source

გამომწვარი აგური, რომელზეც მეფე ნაბუქოდონოსორის სახელია ამოტვიფრული.

ბაბილონში ნაპოვნ აგურებზე გაკეთებული წარწერებიც ადასტურებს ბიბლიის სანდოობას. ბევრ მათგანზე მეფის განმადიდებელ წარწერებს ვხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთზე ასეთი რამ წერია: „მე, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა . . . ჩემი სიდიადისთვის ავიშენე ეს სასახლე . . . დაე ჩემმა შთამომავლობამ მარადიულად იმეფოს ამ სასახლიდან!“. ეს წარწერა ძალიან ჰგავს ნაბუქოდონოსორის სიამაყით წარმოთქმულ სიტყვებს, რომლებსაც დანიელის 4:30-ში ვკითხულობთ: „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, თავად მე, ჩემი ძლევამოსილებით რომ ავაშენე სამეფო სასახლედ და ჩემი სიდიადის საჩვენებლად?!“.