არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თიხის ცილინდრი, რომელზეც ამოტვიფრულია სახელი ბელშაცარი

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენები, რომ ბელშაცარი ნამდვილად არსებობდა და ის ბაბილონის მეფე იყო?

მრავალი წელი ბიბლიის კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ დანიელის წიგნში მოხსენიებული მეფე ბელშაცარი არ არსებობდა (დან. 5:1). მათ არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ არცერთი არქეოლოგიური აღმოჩენა არ ადასტურებდა ამ ფაქტს. მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. რა გახდა ამის მიზეზი?

1854 წელს ბრიტანეთის კონსულმა ჯონ ჯორჯ ტეილორმა დღევანდელი ერაყის სამხრეთით უძველესი ქალაქი ურის ნანგრევებში არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა. ამ ტერიტორიაზე მდებარე კოშკში მან რამდენიმე თიხის ცილინდრი აღმოაჩინა. დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიგრძის ცილინდრებზე ამოტვიფრული იყო ლურსმული წარწერა. ერთ-ერთზე ეწერა ლოცვა, რომლითაც ბაბილონის მეფე ნაბონიდსა და მის უფროს ვაჟს, ბელშაცარს დღეგრძელობას უსურვებდნენ. ამ ფაქტმა კრიტიკოსები იძულებული გახადა, ეღიარებინათ, რომ ბელშაცარი ნამდვილად არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ბიბლია არათუ ბელშაცარის არსებობის ფაქტს ადასტურებს, არამედ იმასაც ამბობს, რომ ის მეფე იყო. თუმცა კრიტიკოსებმა ეს მოსაზრებაც ეჭვქვეშ დააყენეს. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ტოლბოტმა თქვა, რომ ზოგის აზრით, ბელშაცარი „მამამისის, ნაბონიდის მეფობის პერიოდში მეფის მოვალეობას ასრულებდა. მაგრამ ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“.

ხანგრძლივ პოლემიკას მას შემდეგ დაესვა წერტილი, რაც ნაპოვნი იქნა სხვა თიხის ცილინდრები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ბელშაცარის მამა, მეფე ნაბონიდი ზოგჯერ წლობით არ იმყოფებოდა ბაბილონში. საინტერესოა, ვინ მმართველობდა მისი არყოფნის პერიოდში? „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ აღნიშნულია: „როცა ნაბონიდი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ის ბელშაცარს სამეფო ტახტსა და ჯარის დიდ ნაწილს უტოვებდა“. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ბელშაცარი ბაბილონის მეფე იყო. არქეოლოგი და ენათმეცნიერი ალან მილარდი აღნიშნავს, რომ დანიელის წიგნში ბელშაცარის მეფედ მოხსენიება სრულიად გამართლებულია.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ღვთის მსახურებისთვის თავად ბიბლია წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას, რომ დანიელის წიგნი სანდო და ღვთივშთაგონებულია (2 ტიმ. 3:16).