არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნიკალური ელემენტი

უნიკალური ელემენტი

„ნახშირბადი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Nature’s Building Blocks). ნახშირბადს აქვს ურთიერთშეერთების თვისება; ის აგრეთვე ბევრ სხვა ელემენტს უერთდება და მილიონობით სხვადასხვა სახის ქიმიურ ნაერთს ქმნის, რომელთა აღმოჩენისა და სინთეზირების პროცესი დღემდე გრძელდება.

ნახშირბადის ატომები ერთდება და სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯაჭვის, რგოლის, ბადის, პირამიდის ან მილაკის ფორმა. ნახშირბადი მართლაც უნიკალური ელემენტია, რაშიც ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგვარწმუნებს.

ალმასი

ალმასი ბუნებაში აღმოჩენილ ყველა მინერალზე უფრო მკვრივია. ამ მინერალში ნახშირბადის ატომები ისეა განლაგებული, რომ ოთხწახნაგა (ტეტრაედრი) პირამიდის ფორმას იღებს. ასეთი აგებულების წყალობით ალმასს ძალიან მყარი სტრუქტურა აქვს. დამუშავებული ალმასი (ბრილიანტი), ძირითადად, ნახშირბადის მრავალატომიანი მოლეკულაა.

გრაფიტი

გრაფიტი გამოიყენება როგორც საპოხ მასალად, ისე ფანქრის გულის დასამზადებლად. * ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მინერალში ნახშირბადის ატომები მჭიდროდ არის ბმული და ფენებად განლაგებული. ეს ფენები კი ერთმანეთთან სუსტად არის დაკავშირებული და ადვილად სრიალებს, ისევე როგორც ფურცლები ქაღალდის დასტიდან.

გრაფენი

გრაფენი ნახშირბადის ატომების ერთი ფენაა, რომელიც ქმნის ჰექსაგონალურ (ექვსკუთხა) მესერს ანუ ბადეს. გრაფენი ფოლადზე ბევრად მტკიცე მასალაა, თუმცა ის, ამავდროულად, საოცრად ელასტიკური და დრეკადია. ვინაიდან გრაფენი გრაფიტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომლისგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ფანქრის გულებს ამზადებენ, ფანქრის გასმისას ქაღალდზე შეიძლება დარჩეს მცირე რაოდენობით გრაფენი ერთ ან რამდენიმე შრედ.

ფულერენები

ნახშირბადის ეს მოლეკულური ნაერთები ერთმანეთთან არიან შეკავშირებული და სფეროსებრ სტრუქტურას ქმნიან, რომელიც შედგება მიკროსკოპული ბურთულებისა და მილაკებისგან, რასაც ნანომილაკები ეწოდება. ეს ნაწილაკები იზომება ნანომეტრებში. ერთი ნანომეტრი მეტრის ერთ მემილიარდედს უდრის.

ცოცხალი ორგანიზმები

ნახშირბადი უჯრედის შემადგენელი ქიმიური ელემენტია, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმშია, იქნება ეს მცენარე, ცხოველი თუ ადამიანი. ეს ელემენტი გვხვდება ნახშირწყლებში, ცხიმებსა და ამინომჟავებში.

„[ღვთის] უხილავი თვისებები . . . შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).

^ აბზ. 7 იხილეთ 2007 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „ვინმეს ხომ არ გაქვთ ფანქარი?“.