არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა

ბევრს უჭირს სხვებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ვიმსჯელოთ რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე, რაც ამ მხრივ წაგადგებათ.

იყავით უანგარო

ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

რას ნიშნავს: სხვებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად გაცილებით მნიშვნელოვანია, გასცეთ და არა მხოლოდ მიიღოთ. თუ ეგოისტი იქნებით, გარშემომყოფებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. მაგალითად, თუ ცოლი ან ქმარი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, შეიძლება ერთ დღესაც მეუღლეს უღალატოს. არავინ მოინდომებს ისეთ ადამიანებთან მეგობრობას, რომლებიც გამუდმებით ტრაბახობენ თავიანთი ცოდნითა თუ ქონებით. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, ეგოისტი ადამიანები საკუთარ თავს არაერთ თავსატეხს უჩენენ (The Road to Character).

რა უნდა გააკეთოთ:

  • დაეხმარეთ სხვებს. კარგი მეგობრები ერთმანეთს ენდობიან და მხარში უდგანან. ზოგმა კვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც მზად არის სხვების დასახმარებლად, თვითშეფასებაც მაღალი აქვს და დეპრესიაშიც ნაკლებად ვარდება.

  • იყავით თანამგრძნობი. თანამგრძნობ ადამიანს სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს. თუ სხვებს თანაგრძნობით ეკიდებით, განზრახ არ მიაყენებთ ტკივილს და თავს შეიკავებთ სარკაზმისა თუ მწარე შენიშვნებისგან.

    თუ თანამგრძნობი იქნებით, სხვებს უფრო გაგებით მოეკიდებით. ეს დაგეხმარებათ, წინასწარ არ შეიქმნათ სხვებზე არასწორი აზრი და დაუმეგობრდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული წარმოშობის არიან ან რომლებთანაც ცოტა რამ გაქვთ საერთო.

  • დრო დაუთმეთ სხვებს. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ვინმესთან, მით უკეთ გაეცნობით. თუ გინდათ, კარგი მეგობრები გახდეთ, ერთმანეთთან ღრმა საკითხებზე იმსჯელეთ. იყავით ყურადღებიანი მსმენელი და გულწრფელად დაინტერესდით თქვენი მეგობრით. როგორც ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, როცა სხვებთან მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობით არ შემოვიფარგლებით, თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ.

გონივრულად აირჩიეთ მეგობრები

ბიბლიური პრინციპი: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).

რას ნიშნავს: ისინი, ვისთანაც დიდ დროს ატარებთ, ან კარგ გავლენას ახდენენ თქვენზე, ან ცუდს. ამას სოციოლოგებიც ადასტურებენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ ბევრ დროს ატარებთ მწეველებთან ან მათთან, ვინც განქორწინებას აპირებს, დიდია იმის ალბათობა, რომ მათი მიბაძვის სურვილი გაგიჩნდეთ.

რა უნდა გააკეთოთ: ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდით, ვისაც თქვენთვის სასურველი ფასეულობები და თვისებები აქვს. მაგალითად, დაუახლოვდით მათ, ვინც პატივისცემით ექცევა სხვებს, ზრდილობიანი, ხელგაშლილი და სტუმართმოყვარეა.

სხვა ბიბლიური პრინციპები

უყურეთ ვიდეორგოლებს, რომლებიც ბიბლიას ეფუძნება და გამიზნულია წყვილებისთვის, მოზარდებისა თუ პატარებისთვის

მოერიდეთ გულსატკენ სიტყვებს

„დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18).

იყავით ხელგაშლილი

„ხელგაშლილი სული დამსუყდება“ (იგავები 11:25).

ისე მოექეცით სხვებს, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ

„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).