არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ დავეხმაროთ შვილს სქესობრივი მომწიფების პერიოდში

როგორ დავეხმაროთ შვილს სქესობრივი მომწიფების პერიოდში

პრობლემა

თითქოს გუშინ იყო, რომ შვილს ხელში აყვანილს ატარებდით, დღეს კი ის უკვე მოზარდია. მართალია, ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ ნელ-ნელა სქესობრივი მომწიფების ასაკს უახლოვდება.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს ამ რთულ და ზოგჯერ ემოციურად მძიმე პერიოდში?

რა უნდა იცოდეთ

სქესობრივ მომწიფებას თავისი დრო აქვს. ზოგ ბავშვს გარდატეხის ასაკი შეიძლება დროზე ადრე, რვა წლისას დაეწყოს, ზოგს კი თხუთმეტი წლისას ან უფრო გვიან. „ჩვეულებრივ, სქესობრივი მომწიფების ასაკობრივი მონაკვეთი საკმაოდ დიდია“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Letting Go With Love and Confidence).

სქესობრივი მომწიფების ასაკში ბავშვს შეიძლება დაუცველობის გრძნობა დაეუფლოს. მოზარდებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. „ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა ის, თუ როგორ გამოვიყურებოდი და როგორ ვიქცეოდი, — იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი, ჯერედი. * — ხალხის გარემოცვაში სულ იმაზე ვწუხდი, ვინმეზე უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ხომ არ ვტოვებდი“. სახეზე გამონაყარმა შეიძლება მოზარდს კიდევ უფრო დაუკარგოს თავდაჯერებულობა. „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახე დამიცხრილეს. მახსოვს, ვტიროდი და საკუთარ თავს მახინჯს ვეძახდი“, — გვიზიარებს 17 წლის კელი.

ნაადრევად დაწყებულ სქესობრივ მომწიფებას თან ახლავს სპეციფიკური სირთულეები. ეს პერიოდი განსაკუთრებით გოგონებისთვის არის რთული. ამ დროს მათ ეზრდებათ მკერდი და სხეულის ნაკვთები უმრგვალდებათ, რის გამოც შეიძლება დასცინონ ან მათზე ცუდად იხუმრონ. „ისინი შეიძლება უფროსი ასაკის ბიჭების ყურადღების ცენტრშიც მოხვდნენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკვე აქვთ სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც შვილების აღზრდას ეხება (A Parent’s Guide to the Teen Years).

სქესობრივი მომწიფება გონებრივ მოწიფულობას არ ნიშნავს. „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“, — ნათქვამია იგავების 22:15-ში. ეს სქესობრივი მომწიფების პერიოდშიც ასეა. ახალგაზრდა შეიძლება ფიზიკურად ზრდადასრულებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ „ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, საქმისადმი სერიოზული მიდგომა, თავშეკავების ან მოწიფული ადამიანისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებების გამოვლენა“, — აღნიშნულია ერთ წიგნში, რომელიც მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობას ეხება (You and Your Adolescent).

გამოსავალი

წინასწარ შეამზადეთ ბავშვი. შეამზადეთ ბავშვი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის. თუ გოგონა გყავთ, მას მენსტრუალური ციკლის შესახებ ესაუბრეთ, ხოლო თუ ბიჭი — ღამის პოლუციის შესახებ. აუხსენით, რომ მსგავსი ფიზიოლოგიური მოვლენები მოულოდნელად იწყება, რამაც შეიძლება მოზარდი დააბნიოს და შეაშინოს კიდეც. ამ დროს ყურადღება დადებითზე გაუმახვილეთ. მაგალითად, უთხარით, რომ ამ პერიოდის გავლის გარეშე ზრდასრული ადამიანი ვერ გახდება (ბიბლიური პრინციპი: ფსალმუნი 139:14).

გასაგებად აუხსენით ყველაფერი. „მშობლები სქესობრივი მომწიფების შესახებ მიკიბულ-მოკიბულად მელაპარაკნენ. მერჩივნა, პირდაპირ და გასაგებად აეხსნათ ყველაფერი“, — გვიზიარებს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ჯონი. 17 წლის გოგონა, ალანაც მსგავსად ფიქრობს. ის ამბობს: „დედაჩემმა კი ამიხსნა, რა ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობდა ჩემს ორგანიზმში, მაგრამ კარგი იქნებოდა, ემოციურად კიდევ უფრო მეტად დამხმარებოდა“. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია აქედან? რამდენად უხერხულიც არ უნდა იყოს, ესაუბრეთ შვილს ყველაფერზე, რაც თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ბიბლიური პრინციპი: საქმეები 20:20).

დაუსვით კითხვები, რათა საუბარში ჩააბათ. ასეთ თემებზე საუბრისას შვილმა თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, სხვებზე დაიწყეთ საუბარი. მაგალითად, შეგიძლიათ ქალიშვილს ჰკითხოთ: „ხომ არ საუბრობენ ხოლმე შენი კლასელები გარდატეხის ასაკის შესახებ? ხომ არ დასცინიან იმ გოგონებს, რომელთაც ადრე დაეწყოთ ეს პერიოდი?“. ვაჟს კი შეგიძლიათ ჰკითხოთ: „ხომ არ დასცინიან შენი თანატოლები იმ ბიჭებს, რომლებსაც გარდატეხის პერიოდი ჯერ არ დასდგომიათ?“. როდესაც მოზარდები იმაზე იწყებენ საუბარს, თუ როგორ მოქმედებს გარდატეხის პერიოდი თანატოლებზე, შეიძლება უფრო გაუადვილდეთ საკუთარ გრძნობებსა და შემთხვევებზე საუბარი. როცა შვილები გაიხსნებიან, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ შემდეგი ბიბლიური რჩევა: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

დაეხმარეთ შვილებს, შეიძინონ „სიბრძნე და ჭკუა“ (იგავები 3:21). სქესობრივი მომწიფების პერიოდი მხოლოდ ფიზიკური და ემოციური ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ამ დროს მოზარდებს უვითარდებათ აზროვნებისა და განსჯის უნარი, რაც მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო საიმისოდ, რომ შვილს კარგი ფასეულობები ჩაუნერგოთ (ბიბლიური პრინციპი: ებრაელები 5:14).

ხელს ნუ ჩაიქნევთ. ბევრი თავს ისე აჩვენებს, თითქოს უინტერესოდ უსმენს მშობლებს, როცა ისინი სქესობრივი მომწიფების შესახებ ესაუბრებიან, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. „ბევრი მოზარდი, რომელიც ისე იქცევა, თითქოს ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს და ერთი სული აქვს, როდის დაამთავრებთ საუბარს, შეიძლება თქვენ მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას იმახსოვრებდეს“, — ვკითხულობთ ზემოხსენებულ წიგნში (You and Your Adolescent).

^ აბზ. 8 სტატიაში სახელები შეცვლილია.