არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გზა ბედნიერებისკენ

სიყვარული

სიყვარული

სიყვარულის მოთხოვნილება ყველას აქვს. სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია მტკიცე და ახლო ურთიერთობა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ ცოლ-ქმარს შორის. ამიტომ სწორედ სიყვარულია საჭირო, რათა ბედნიერები და ემოციურად გაწონასწორებულები ვიყოთ. სინამდვილეში რა არის სიყვარული?

ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ რომანტიკულ სიყვარულზე, რომელსაც თავისი ადგილი აქვს, არამედ უფრო აღმატებულ სიყვარულზე, რომელიც ადამიანს აღძრავს, გულწრფელად დაინტერესდეს სხვების კეთილდღეობით და მათი ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. მართალია, ასეთ სიყვარულს ღვთის მიერ დადგენილი პრინციპები მართავს, მაგრამ მას თბილი და სათუთი გრძნობებიც ახლავს თან.

ბიბლია ლამაზი ენით აღგვიწერს სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

სიყვარული „არასოდეს მთავრდება“ ანუ მარადიულია. მეტიც, დროის სვლასთან ერთად ის უფრო ძლიერდება. ვინაიდან სიყვარულს სულგრძელობა, სიკეთე და მიმტევებლობა ახასიათებს, ის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). მიუხედავად იმისა, რომ ნაკლოვანებები ყველას გვაქვს, როცა ასეთ სიყვარულს ვავლენთ, ყველა ბედნიერები ვართ და სხვებთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ვნახოთ, როგორ უწყობს ხელს ასეთი სიყვარული ბედნიერ ქორწინებას.

სრულყოფილი კავშირით გაერთიანებულნი

იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს არაერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ასწავლა, რომლებიც ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება. მაგალითად, მან თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:5, 6). ამ სიტყვებიდან, სულ მცირე, ორი მნიშვნელოვანი პრინციპი იკვეთება.

„ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. ადამიანური ურთიერთობებიდან ყველაზე ახლო და მჭიდრო ცოლქმრული ურთიერთობაა. სწორედ სიყვარული იცავს ქორწინებას, რომ ღალატის ანუ მეუღლის გარდა სხვასთან „ერთხორცად“ ყოფნის გამო ცოლ-ქმრის ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდეს (1 კორინთელები 6:16; ებრაელები 13:4). ღალატი ძირს უთხრის ნდობას და ოჯახი შეიძლება დანგრევამდეც კი მიიყვანოს. თუ ოჯახში ბავშვები არიან, ამან შესაძლოა მათ ემოციური ტრავმა მიაყენოს და შეიძლება ისეთი გრძნობა გაუჩნდეთ, რომ არავის უყვართ, შიში დაეუფლოთ და გულში ბოღმაც კი ჩაიდონ.

„ვინც ღმერთმა შეაუღლა“. ქორწინება წმინდა კავშირიცაა. წყვილები, რომლებიც ქორწინებას წმინდა კავშირად თვლიან, ყველანაირად ცდილობენ ცოლქმრული კავშირის განმტკიცებას. სირთულეების დროს ისინი არ ეძებენ იოლ გზებს, რომ თავი დააღწიონ „უბედურ“ ქორწინებას. ვინაიდან მათი სიყვარული ძლიერია და „ყველაფერს იტანს“, არ იშურებენ ძალ-ღონეს იმისათვის, რომ გადაჭრან პრობლემები და ერთმანეთს შორის მშვიდობა და ურთიერთგაგება ჰქონდეთ.

როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარულს ავლენს, ეს ბავშვებზეც დადებითად აისახება. ერთი გოგონა ამბობს: „ჩემი მშობლები სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. როცა ვხედავ, რომ დედა პატივისცემით ექცევა მამას, მისი მიბაძვის სურვილი მიჩნდება“.

სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამიტომაც იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმოთე 1:11). ჩვენც ვიქნებით ბედნიერები, თუ მივბაძავთ შემოქმედს და შევეცდებით, მის მსგავსად გამოვავლინოთ სიყვარული. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ბიბლია: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 5:1, 2).