არჩეულ მასალაზე გადასვლა

2024 წლის აპრილში 75 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „საგუშაგო კოშკი“ პირველად გამოიცა სებუურ (მარცხნივ) და პანგასინანურ (მარჯვნივ) ენებზე.

3 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
ფილიპინები

„საგუშაგო კოშკის“ სებუურ და პანგასინანურ ენებზე გამოცემიდან 75 წელი შესრულდა

„საგუშაგო კოშკის“ სებუურ და პანგასინანურ ენებზე გამოცემიდან 75 წელი შესრულდა

2024 წლის აპრილში ფილიპინების თეოკრატიულ ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენიდან 75 წელი შესრულდა. 1949 წლის აპრილში „საგუშაგო კოშკი“ პირველად გამოიცა სებუურ და პანგასინანურ ენებზე.

სამეფოს შესახებ ცნობა პირველად ფილიპინებზე 1900-იან წლების დასაწყისში იქადაგეს. თავიდან ქადაგების დროს ინგლისურენოვან ლიტერატურას იყენებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო პუბლიკაციების ადგილობრივ ენებზე თარგმნა. 1947 წლიდან მოყოლებული და-ძმებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ დაწყებულიყო „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა ტაგალურ ენაზე, რომელიც ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი ენაა ფილიპინებზე. მოგვიანებით, 1948 წელს, ორგანიზება გაეწია, რომ „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა სებუურ და პანგასინანურ ენებზეც დაწყებულიყო. სულ რამდენიმე თვეში უკვე ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა.

მიმეოგრაფით გაკეთებული „საგუშაგო კოშკის“ ასლი პანგასინანურ ენაზე, 1949 წელი

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივ ფილიალში პატარა ხელის მიმეოგრაფის გამოყენებით ჟურნალების ასლებს ამზადებდნენ. მოთხოვნის ზრდის გამო „საგუშაგო კოშკის“ სებუურ და პანგასინანურ ენებზე თარგმნა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოში გაგრძელდა, რომელიც მაშინ ბრუკლინში (ნიუ-იორკში) მდებარეობდა. a

ხუან ლანდიჩო

და-ძმები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ სებუურ და პანგასინანურ ენებზე თარგმნაში იღებდნენ მონაწილეობას, სიამოვნებით იხსენებენ იმ პერიოდს. მაგალითად, ხუან ლანდიჩო, რომელიც პანგასინანურ მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობდა 1980-იან წლებში, გვიყვება: „თავიდან „საგუშაგო კოშკი“ პანგასინანურ ენაზე ინგლისური თარგმანის გამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ გამოდიოდა გარკვეული შეფერხებების გამო. ძალიან გაგვიხარდა, როცა 1986 წელს, თარგმნის მეთოდების გაუმჯობესების წყალობით, „საგუშაგო კოშკი“ ინგლისურ და პანგასინანურ ენებზე ერთდროულად გამოიცა. ვიგრძენით, რომ იეჰოვას სული გვხელმძღვანელობდა“.

ბელენ კანეტი, რომელიც ფილიპინების ფილიალში მსახურობს და 46 წელია, სებუურ მთარგმნელობით განყოფილებას ეხმარება, იხსენებს: „თავიდან ძალიან ცოტა მთარგმნელი ვიყავით, საქმე კი უამრავი იყო. მაგრამ ახლა კარგად მომზადებული და საკმარისი რაოდენობის მთარგმნელი გვყავს, საუკეთესო ტექნოლოგიით აღჭურვილი. საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ გარდაქმნის იეჰოვა სპილენძს ოქროდ და არაფერს აკლებს თავის ხალხს“.

პანგასინანურ (მარცხნივ) და სებუურენოვანი (მარჯვნივ) მთარგმნელობითი ჯგუფები

ფილიპინებზე 26 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს სებუურ ენაზე, რომელთა შორის 76 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა. ისინი 1 150 სებუურენოვან კრებაში მსახურობენ. გარდა ამისა, თითქმის 2 მილიონ პანგასინანურენოვან ადამიანს შორის 6 000 ჩვენი და-ძმაა, რომლებიც 68 პანგასინანურენოვან კრებაში მსახურობენ. ფილიპინების ფილიალში, მთლიანობაში, 24 ენაზე ითარგმნება ბიბლიური ლიტერატურა. აქედან 10 ენაზე ყოველთვიურად გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“. სებუურ და პანგასინანურ ენებზე ნათარგმნი ლიტერატურა ამჟამად იაპონიის ფილიალში იბეჭდება.

მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომელმაც აკურთხა მთარგმნელობითი საქმიანობა და თავისი სიტყვა ხელმისაწვდომი გახადა სებუურ და პანგასინანურ ენებზე მოსაუბრე ხალხისთვის, რომლებიც მოწყურებულნი არიან ჭეშმარიტებას (ესაია 55:1).

a ამჟამად იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო უორიკში (აშშ, ნიუ-იორკი) მდებარეობს.