არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჰერმინა შმიდტი

18 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
გერმანია

ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი უკანასკნელი იეჰოვას მოწმე, ჰერმინა შმიდტი, 98 წლის ასაკში დაიღუპა

ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი უკანასკნელი იეჰოვას მოწმე, ჰერმინა შმიდტი, 98 წლის ასაკში დაიღუპა

ჰერმინა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნამდე

2024 წლის 31 მარტს ჰერმინა შმიდტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი მოწმეებიდან ის ბოლო იეჰოვას მოწმე იყო.

ჰერმინა 1925 წლის 13 ნოემბერს დაიბადა ქალაქ გდანსკში, რომელიც ამჟამად პოლონეთს ეკუთვნის. მისი მშობლები, ოსკარი და ფრიედა კოჩმიედერები, იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ისინი თავიანთ ქალიშვილს ძლიერი რწმენის განვითარებაში დაეხმარნენ. 1939 წელს გდანსკი ნაცისტურმა ჯარებმა დაიკავეს და ამ დროიდან დაიწყო იეჰოვას მოწმეთა ინტენსიური დევნა. ჰერმინამ სწორედ ამ პერიოდში, 1942 წლის 2 მაისს, მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა. მაშინ ის 16 წლის იყო.

1943 წლის ივნისში ნაცისტებმა 17 წლის ჰერმინა დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. 1944 წლის აპრილში კვლავ დააკავეს და ამჯერად Შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იმ შავბნელ პერიოდთან დაკავშირებით ჰერმინამ ერთხელ თქვა: „სიტყვებით ძნელია იმ საშინელების გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხმყოფდნენ. გესტაპო ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასატეხად. მე გმირად არ დავბადებულვარ, ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. მაგრამ ოდნავაც არ მიყოყმანია, როგორ მოვქცეულიყავი. ეს ერთგულების საკითხი იყო და ზუსტად ვიცოდი, რომ სინდისის ხმას უნდა მივყოლოდი. როდესაც ასე იქცევი, იეჰოვა განსაკუთრებული სიმშვიდით გაჯილდოებს. მშვიდად ხარ შინაგანადაც და გრძნობ, რომ იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს“.

ჰერმინა და ჰორსტი (1995 წლის მარტი)

ერთი წლის შემდეგ, 1945 წლის აპრილში, რუსეთის არმია შტუტგოფის ბანაკს მიუახლოვდა. გერმანელებმა პატიმრები გემებით შუა ზღვაში გაიყვანეს და იქ დატოვეს, რუსეთის არმიას რომ არ გაეთავისუფლებინა ისინი. ჰერმინა და 370 ადამიანი გადარჩა, რადგან მათმა გემმა 1945 წლის მაისში დანიის კუნძულ მენს მიაღწია. მალევე ჰერმინა ოჯახს დაუბრუნდა.

1947 წელს ჰერმინა ჰორსტ შმიდტზე დაქორწინდა. ჰორსტმა უარი თქვა ჯარში მსახურებაზე. ისიც წიგნების დამტარებლად მსახურობდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის პერიოდში. ის დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. სასჯელის აღსრულებამდე ბრანდენბურგ-გიორდენის ციხეში ჩასვეს. 1945 წლის 27 აპრილს, განაჩენის აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრანდენბურგის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს. ჰორსტი 2010 წელს გარდაიცვალა. მათ ქორწინებაში თითქმის 63 წელი გაატარეს.

შმიდტები წლების განმავლობაში უყვებოდნენ სხვებს თავიანთ ისტორიებს. 1998 წელს მიცემულ ინტერვიუში ჰერმინა იხსენებდა იეჰოვას მსახურებაში გატარებულ ცხოვრების გზას: „რთული, მაგრამ უმშვენიერესი გზა განვვლე. არაფერს შევცვლიდი“.

გვამხნევებს ჰერმინას ერთგულების მაგალითი. მოდი მივბაძოთ ჰერმინას გაბედულებაში, განვივითაროთ მასავით ძლიერი რწმენა და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის დაიცავს თავის ერთგულებს (ფსალმუნი 31:23, 24).